ეკონომიკა

ქვრივიშვილი: საკარანტინოდ გამოვიყენებთ ყველა სასტუმროს, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს

GHN.GE

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა 5-თვიანი საკარანტინო პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი პრაქტიკულად გაჩერებული სასტუმრო ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფოს საკარანტინო პროექტის ფარგლებში 144-მდე სასტუმროსთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და კვლავ ღიაა ყველა იმ სასტუმროსთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მინიმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

"10 მარტიდან 50 000-მდე ადამიანს ვუმასპინძლეთ კარანტინში და მაქსიმალურად, ყველამ ერთად, უწყებების დახმარებით შევეცადეთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მათთვის. დღევანდელი მონაცემებით კარანტინის პროექტში ჩართული გვყავდა 144-მდე სასტუმრო, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით და ამდენი თვის განმავლობაში დასაქმებული იყო 3 300-ზე მეტი ადამიანი მუდმივად. ამასთანავე, როგორც სახელმწიფოს, ჩვენ დაკონტრაქტებული გვქონდა 10 000-მდე ოთახი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სასტუმროებისთვის, რადგან მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით პანდემიის ამ მწვავე პერიოდში სასტუმრო ინდუსტრია რეალურად გაჩერებული იყო.

ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ძალიან ღია ვართ. დღესაც მიმდინარეობს ახალ სასტუმროებთან დაკონტრაქტების პროექტი. მოვუწოდებ ყველა იმ სასტუმროს, განსაკუთრებით დედაქალაქსა და რეგიონებში, რომელსაც დღეს სასტუმრო აქვთ დაკეტილი, სახელმწიფო კვლავ მზად არის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კარანტინის პროექტით ითანამშრომლოს ყველა იმ სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვირუსის პრევენცია მოხდეს და ქვეყანაში შევქმნათ კიდევ უფრო მეტი დასაქმების ადგილი". – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

17 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კარანტინის პროექტში ჩართულ სასტუმროებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ სახელმწიფოს სავალდებულო კარანტინისთვის "6 000-მდე ოთახი აქვს შენარჩუნებული, 100-მდე სასტუმრო დაკონტრაქტებული მთელი საქართველოს მასშტაბით". 

კომენტარები