ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსი აღარ აქვს

ჟაირ ბოლსონარო
AP

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტი მეოთხედ ჩაიტარა და წინა სამი ტესტისგან განსხვავებით, ამჯერად პასუხი უარყოფითია.

მან საკუთარი ფოტოც გაავრცელა, რომელშიც თან აქვს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის (პლაქვენილი) კოლოფი. ის პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ იღებდა და ამტკიცებს, რომ ეფექტიანი შედეგით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერულად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

ბოლსონაროს არ დაუკონკრეტებია როდის ჩაიტარა მეოთხედ ტესტირება. მესამე ტესტირების შედეგი 22 ივლისს გამოცხადდა და გაირკვა, რომ ბოლსონარო კვლავ იყო დაავადებული კორონავირუსით.

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი პირველად 7 ივლისს დაუდგინეს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს. მიზეზი ისაა, რომ მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაიცვა უსაფრთხოების წესები და პირბადე მოიხსნა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბოლსონარომ, რომ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესკონფერენციაზე იყვნენ CNN Brasil-ის, TV Record-ის და TV Brasil-ის ჟურნალისტები. ისინი კარანტინში გადაიყვანეს. პრესკონფერენციის დასაწყისში ბოლსონაროს პირბადე ეკეთა, თუმცა ჟურნალისტები მასთან ორ მეტრზე ახლო მანძილზე იყვნენ. მოგვიანებით პრეზიდენტმა უკან დაიხია და პირბადე მოიხსნა, რადგან სურდა ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. მას ჟურნალისტების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავებიან.

მიმდინარე კვირას ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, რომ ბოლსონარო უპირბადოდ ესაუბრებოდა პრეზიდენტის რეზიდენციის დამლაგებლებს.

ბოლსონაროსთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მინისტრსაც, მიმდინარე კვირას კი ვირუსი დაუდასტურდათ მოქალაქეობის და განათლების მინისტრებს. ქვეყანას კი ორი თვეა ჯანდაცვის მინისტრი არ ჰყავს. ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო ჯანდაცვის ორმა მინისტრმა თანამდებობა პანდემიის დაწყების შემდეგ დატოვა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სამხედრო პირია და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილება არა აქვს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 2 348 200 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 85 385, გამოჯანმრთელდა 1 592 281 ადამიანი.

კომენტარები