ბელგია

ბელგია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის

Shutterstock

ბელგია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის. მათ შორის არც იმ 15 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ სიაში არის საქართველოც.

ბელგიის მთავრობის განცხადების მიხედვით, თუ მეზობელი ქვეყნების საზღვრებს გახსნიან, ბელგია საზღვარზე შემოწმებებს დაიწყებს. მთავრობაში ამბობენ, რომ უსაფრთხო სიაში შესული ქვეყნების ნაწილში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ შეუფერებელია საზღვრების გახსნისათვის, ნაწილში კი ნაცვალგების პრინციპი არ არის დაკმაყოფილებული, რადგან ისინი ბელგიის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში არ უშვებენ.

კორონავირუსის გამო სასაზღვრო შეზღუდვები მარტში დაწესდა. ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი ბელგიამ 15 ივნისიდან გახსნა.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის საზღვრებს არ გახსნის არც იტალია.

გასულ კვირას უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, გარდა სერბეთისა, საზღვრებს არ გაუხსნიან.

ამ დროისათვის საქართველოს საზღვრები გაუხსნეს ესტონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ.

კომენტარები