ბელგიის პრემიერმინისტრი ფლამანდიელი ნაციონალისტი, ახალი ფლამანდიური ალიანსის ლიდერი, ბარტ დე ვევერი გახდა.
პრემიერმინისტრმა დე ვევერმა და მისმა დაკომპლექტებულმა მომავალმა მინისტრთა კაბინეტმა ბელგიის მეფე ფილიპეს წინაშე ფიცი დადეს.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება, შედეგად კი სამთავრობო კოალიცია ოფიციალურად ჩამოყალიბდება.
ბელგიაში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ივნისში გაიმართა. დე ვევერის პარტია არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, კოალიციის ჩამოყალიბება მომდევნო 8 თვის განმავლობაში ვერ შეძლო. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად სამთავრობო კოალიცია ხუთმა პარტიამ ჩამოაყალიბა, მათ შორის არიან: ახალი ფლამანდიური ალიანსი, ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატები, სოციალისტური პარტია წინ, ასევე, ფრანგულენოვანი თემის პარტიები, რეფორმების მოძრაობა და პარტია ჩართულობა.
კოალიციის წევრები ბელგიის 150-ადგილიან პარლამენტში 81 მანდატს იკავებენ.





