იტალია

იტალია საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის, თუმცა, 14-დღიან თვითიზოლაციას ითხოვს

იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, ჩასულებს სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არ არიან დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი. 

"თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის".– ვკითხულობთ განცხადებაში. 

La Repubblica-ს ცნობით, იტალიამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრები არ გახსნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდებიან და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებენ, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

კომენტარები