არჩევნები 2020

თალაკვაძე: ევროპული საქართველოს ხმების გარეშეც მივიღებდით ცვლილებებს, თუმცა, მადლობა მათაც

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 21 ივნისი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატია და შეიქმნას უფრო სტაბილური, უფრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების უმრავლესობას და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა, არჩილ თალაკვაძემ იქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტს პირველი მოსმენით ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდნენ.

"აქვე, მსურს მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელმაც მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს...

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია თითოეული დეპუტატის მხარდაჭერა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წინა დღეებში საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციით, დეპუტატების რაოდენობა იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო. დაუჭერდა თუ არა მხარს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, რომლებიც ბოლო მომენტამდე თავის პოზიციას არ აფიქსირებდნენ, ეს ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში პირველი კენჭისყრით გავიდოდა.

თუმცა, რასაკვირველია, კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმაც, ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, რომ მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, საერთო ჯამში, სამწუხაროა, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვა – თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, რაზეც არსებობდა საზოგადოების დაკვეთა და საერთო ფართო კონსენსუსი, ალბათ, კითხვა ჩნდება, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა". – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენით კენჭს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უყრის.

-----

21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 136 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველო, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. 

მაგალითად, ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ, ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. 

კომენტარები