აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მცხოვრებ პირებს ამ შაბათ-კვირას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს

Anadolu Agency

აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მცხოვრებ პირებს ამ შაბათ-კვირას, 6 და 7 ივნისს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. შეზღუდვა დედაქალაქსაც ეხება.

მთავრობამ ზომების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა.

6 და 7 ივნისს მოქალაქეებს სახლების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ სამედიცინო დაწესებულებაში ან ნათესავის დაკრძალვაზე დააპირებენ წასვლას.

ამ ორ დღეს ყველა მაღაზია და სხვა მომსახურეობის ცენტრები დაიხურება. შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

აზერბაიჯანმა ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები 24 მარტს დააწესა და რამდენჯერმე, ამჯერად უკვე 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში 31 მაისს სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, რესტორნები და კაფეები ხელახლა გაიხსნა. საჯარო სივრცეებში სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება სავალდებულოა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 6 260 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 76 პაციენტი გარდაიცვალა. 3 665 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები