ლიბია

აშშ-ის სამხედრო ძალები: რუსეთმა ლიბიაში საბრძოლო თვითმფრინავი გაგზავნა

REUTERS

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით რუსეთმა ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალების და მათთან ერთად მებრძოლი დაქირავებული რუსი სამხედროების მხარდასაჭერად სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა.

განცხადების მიხედვით თვითმფრინავი რუსეთში მდებარე ავიაბაზაზე სირიიდან ჩავიდა, სადაც ის გადაღებეს, რათა რუსული წარმომავლობა დაემალათ.

"რუსეთი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს იყენებს, რათა ლიბიაში მათი როლი დაფარონ", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საჰაერო ძალების გენერლის ჯეფ ჰარიგიანის თქმით თუ რუსეთი ლიბიის სანაპიროზე მდებარე სამხედრო ბაზებს ხელში ჩაიგდებს ეს ევროპის უსაფრთხოებისათვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

გასულ კვირას რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა და ხალიფა ჰაფთარის ძალებმა დედაქალაქ ტრიპოლის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან დაიხიეს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ასობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი მხარს გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერენ და ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ.

ანგარიშის მიხედვით 2018 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ჯგუფის 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია, თუმცა არიან ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლიბიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოფიციალურ მოსკოვს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2 500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება. თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს. მათ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება მალევე დაირღვა და შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. ხალიფა ჰაფთარმა დედაქალაქ ტრიპოლის აღება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა. თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალები გააგზავნა.

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებაა კრემლთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს. ჯგუფის ლიდერი დმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობის გამო დაიმსახურა. პრიგოჟინი “ვაგნერის” მთავარ დამფუძნებლადაც მიიჩნევა, თუმცა, თავად კომპანიასთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები