ლიბია

პენტაგონი: რუსეთი Wagner-ის მეშვეობით ლიბიელ ამბოხებულებს იარაღს და ტექნიკას აწვდის

TASS

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუსეთი მთავრობასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის მეშვეობით ლიბიაში ამბოხებულებისათვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების, სარაკეტო თავდაცვის რაკეტების, ნაღმების და ჯავშანტექნიკისა.

პენტაგონმა გაავრცელა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც, განცხადების მიხედვით, სწორედ ვაგნერის მიერ მიწოდებული შეიარაღება ჩანს ქალაქ სურთთან კონფლიქტის წინა ხაზზე.

სატელიტურ ფოტოებზე ჩანს Ilyushin Il-76 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი, საბრძოლო თვითმფრინავები, SA-22 ტიპის სარაკეტო მოწყობილობა და ჯავშანტექნიკა ქალაქ სურთში და ბენღაზის აღმოსავლეთით, ალ ხადიმის ავიაბაზაზე.

გენერალ მაიორი ბრედფორდ გერინგი ამბობს, რომ ფოტოგრაფები იმის მტკიცებულებაა, რომ მოსკოვი ლიბიის კონფლიქტში ჩართულობას და ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერას ზრდის.

"შეიარაღების ტიპი და მოცულობა გვიჩვენებს, რომ ის ჰუმანიტარული დახმარებისთვის არ არის და მის მიზანს თავდასხმითი და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელს უწყობს ამ ოპერაციებს". - თქვა მან.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ლიბიის კონფლიქტში ჩართული მხარისათვის იარაღის მიწოდება ლიბიისათვის გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს არღვევს.

მსგავსი განცხადება გააკეთეს აშშ-ს სამხედრო ძალებში მიმდინარე წლის მაისშიც. განცხადების მიხედვით, რუსეთმა ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალების და მათთან ერთად მებრძოლი დაქირავებული რუსი სამხედროების მხარდასაჭერად სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

ლიბიის კონფლიქტში ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს. ჰაფთარის ძალებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული რუსი სამხედროებიც.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ასობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს და ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ.

ანგარიშის მიხედვით 2018 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ჯგუფის 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია, თუმცა არიან ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლიბიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოფიციალურ მოსკოვს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო ძალებით მხარს უჭერს თურქეთი.

კომენტარები