ლიბია

BBC: დაჯგუფება ვაგნერი ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული უცნობ ლოკაზიაცეზე გადაღებული ვაგნერის დაჯგუფების ფოტო

BBC-ის გამოძიება დაქირავებულ რუს სამხედროთა დაჯგუფება ვაგნერს სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთან აკავშირებს

გამოცემის თანახმად, ლიბიაში Samsung-ის ტაბლეტი იპოვეს, რომელიც ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს.

ტაბლეტი 2020 წლის გაზაფხულზე ტრიპოლში იპოვეს, მას შემდეგ რაც რეგიონი ვაგნერის მებრძოლებმა დატოვეს. ტაბლეტი შეიცავს ინფორმაციას ვაგნერის მებრძოლების შესახებ, ფრონტის ხაზის რუკებს რუსულ ენაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ლიბიაში სხვადასხვა ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ინფორმაციის იარაღის შესახებ, რომელიც ექსპერტების აზრით, დაჯგუფებას მხოლოდ რუსეთის არმიისგან შეეძლოთ მიეღოთ. როგორც BBC-ი წერს, ტაბლეტზე ასევე არის ვაგნერის მებრძოლების კოდური სახელები და ვიდეომასალა. გამოცემის თანახმად, ტაბლეტიდან მოპოვებული ინფორმაცია ასევე ადასტურებს, რომ ვაგნერი სამხედრო დანაშაულებთან არის დაკავშირებული, კერძოდ პატიმრების მკვლელობასთან და სამოქალაქო ზონების დანაღმვასთან. გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე ტერიტორიის დანაღმვა სამხედრო დანაშაულია.

BBC-ი წერს, რომ ლიბიის სადაზვერვო სამსახურმა გამოცემას 2020 წლის 19 იანვრით დათარიღებული 10-გვერდიანი დოკუმენტი გადასცა, რომელიც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დეტალურ სიას მოიცავს და რომელიც ვაგნერის დისლოკაციის ერთ-ერთი ადგილიდან იყო ამოღებული. გამოცემა წერს, რომ ეს დოკუმენტი მიანიშნებს, ვინ შეიძლება აფინანსებდეს დაჯგუფებას. დოკუმენტი შეიცავს სამხედრო მიზნების შესრულებისთვის საჭირო იარაღის სიას, რომელშიც 4 ტანკი, ასობით კალაშნიკოვი და უმაღლესი დონის რადარული სისტემა შედის.

BBC-ი წერს, რომ სამხედრო ანალიტიკოსის თანახმად, დოკუმენტში წარმოდგენილი გარკვეული სამხედრო ტექნიკა დაჯგუფებისთვის მხოლოდ რუსეთის არმიის საშუალებით თუ იქნებოდა ხელმისაწვდომი. კიდევ ერთი ექსპერტის მოსაზრებით კი სია დმიტრი უტკინთან კავშირზე მიანიშნებს. უტკინი სამხედრო დაზვერვის ყოფილი წევრია და მიიჩნევა, რომ ვაგნერის დამფინანსებელია და დაჯგუფებას სახელიც მან დაარქვა.

BBC-ი წერს, რომ დოკუმენტების ანალიზის შედეგად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიტყვები "Evro Polis" და "გენერალური დირექტორი" ჯგუფის საქმიანობაში ევგენი პრიგოჟინის ჩართულობაზე მიანიშნებენ. პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინტან დაახლოებული რუსი ბიზნესმენია, რომელსაც მეტსახელად პუტინის მზარეულს ეძახიან.

სხვადასხვა დასავლელი ჟურნალისტების გამოძიებები ევგენი პრიგოჟინს ვაგნერთან აკავშირებს. თავად პრიგოჟინი დაჯგუფებასთან ყველანაირ კავშირის უარყოფს. ვაგნერთან რაიმე კავშირს უარყოფს რუსეთიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BBC-ს უთხრა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად და კრიზისი პოლიტიკური გზებით გადაწყვეტისთვის. უწყების თანახმად, ლიბიაში ვაგნერის შესახებ ინფორმაცია მცდარია და ლიბიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციას ემსახურება.

დაჯგუფება ვაგნერი პირველად 2014 წელს გამოავლინეს, როდესაც ის აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს პრორუსი სეპარატისტებს უჭერდა მხარს. მას შემდეგ ის სხვადასხვა რეგიონში აქტიურობდა, მათ შორის სირიაში, მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

როგორც BBC-ი წერს, ვაგნერის მებრძოლები ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდნენ და მხარს უჭერდნენ აჯანყებულ გენერალ ხალიფა ჰაფტარს რომელმაც გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო. კონფლიქტი 2020 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

ოფიციალურად დაჯგუფება ვაგნერი არ არსებობს, მაგრამ ნავარაუდევია, რომ 2014 წლის შემდეგ 10 000-მდე ადამიანს ჰქონდა დაჯგუფებასთან კონტაქტი, ხოლო ლიბიაში გენერალ ხალიფა ჰაფტართან ერთად ვაგნერის 1 000 მებრძოლი იბრძოდა.

BBC-ი წერს, რომ ვაგნერის ყოფილ წევრებს ესაუბრა. ერთ-ერთის თქმით, ვაგნერის არის სტრუქტურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიზნების გატარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვაგნერის კიდევ ერთი ყოფილი მებრძოლის თანახმად კი დაჯგუფების წევრები არიან "ომის პროფესიონალები", ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ და რომანტიკოსები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა სურთ.

კომენტარები