ჩინეთი

როგორ იწრთობოდა ჩინეთის პოლიტიკური სისტემა - მაო ძედუნიდან სი ძინპინამდე

დესპოტიზმი ჩინეთის პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უცვლელი მახასიათებელია. ჩინეთის გამაერთიანებელი ცინის დინასტიიდან მოყოლებული სი ძინპინის თანამედროვე დიქტატურამდე, ათასწლეულების განმავლობაში, ავტოკრატია ქვეყნის მართვის უცვლელი პრინციპია.

ანტიკური ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახიათებელი მონარქიზმის იდეის ირგვლივ არსებული საყოველთაო კონსესუსი იყო. ანტიკური რომისა და საბერძნეთისგან განსხვავებით, ჩინურად მოლაპარაკე სამყაროში არასდროს ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი, რომელიც სახელმწიფოს მართვაში რაიმენაირი ფორმით მოსახლეობის მონაწილეობას გულისხმობდა. 

მონარქიზმი ყოვლისმომცველ იდეას წარმოადგენდა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მოაზროვნეები და სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლები. ორი ყველაზე გავლენიანი სკოლა კონფუცინიასტურ და ლეგალისტურ სწავლებას ეყრდნობოდა. აღნიშნული სკოლები, შესაძლოა, ვერ თანხმდებოდნენ მართვის მეთოდებსა და მორალური პრინციპებზე, თუმცა ორივე სწავლება გულისხმობდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს უნდა ემართა. 

იმპერიული ჩინეთის ათასწლოვანმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა ცნობიერებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის მომავალი მას შემდეგაც, რაც 1911 წელს იმპერია დაემხო. 

ათეულობით სამხედრო აჯანყებისა და ბუნტის სერიების ფონზე, 1911 წლის 10 ოქტომბერს დაწყებული რევოლუცია საბოლოოდ 1912 წლის 12 თებერვალს, 6 წლის იმპერატორის, პუ ის განკვეთით დასრულდა. რამდენიმე წლიანი შიდა არეულობის შემდეგ, ხელისუფლებაში რეფორმებზე ორიენტირებული ნაციონალისტური პარტია გომენდანი მოვიდა, თუმცა ამ დროისთვის ჩინეთი საკუთარი ისტორიის ყველაზე ცუდ ასწლეულს ასრულებდა. 

უკანასკნელი იმპერატორი პუ ი

ეკონომიკური ისტორიის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსს სულ ორი ქვეყანა ფლობდა - 1890 წლამდე ამ სტატუსს უცვლელად ჩინეთი ატარებდა. კარგად განვითარებული სავაჭრო გზების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომპეტენტური ბიუროკრატიის მიუხედავად, ჩინეთში ინდუსტრიულმა რევოლუციამ გვიან ჩააღწია, რამაც იმპერიას ეკონომიკური და პოლიტიკური საყრდენი გამოაცალა. 

საბოლოოდ, მეოცე საუკუნეს "ზეცისქვეშეთი" უკიდურესად დასუსტებული, დაქუცმაცებული და გაღატაკებული შეხვდა. პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის იმპერიის დამხობის შემდეგაც გაგრძელდა. 1911 წლიდან 1949 წლამდე, თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებამდე ქვეყანაში რამდენიმე რევოლუცია და სამოქალაქო ომი მოხდა. 

თავდაპირველად, ქვეყანას პირველი პრეზიდენტის მიერ დაარსებული პარტია გომენდანი მართავდა, თუმცა რამდენიმე წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ხელისუფლება კომუნისტურმა პარტიამ და მისმა პირველმა ბელადმა მაო ძედუნმა აიღო. 

ჩინეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სუნ იატსენი

1949 წლის პირველ ოქტომბერს, პეკინში ტიანანმენის მოედანზე, ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარემ მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა. ცხადია, შეიცვალა სახელმწიფო მოწყობა და პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი მარქსიზმ-ლენინიზმს დაექვემდებარა. სწორედ ამ დროიდან იწყება თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკური ისტორია, რომელიც არასდროს ყოფილა თავისუფალი მართვის იმპერიული სტილისგან. 

მარქსისზმ-ლენინიზმისა და მონარქისტული იდეოლოგიის საუკეთესო ტრადიციებში, სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღიდან აბსოლუტური და ყოვლისმომცველი ძალაუფლება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, უფრო ზუსტად კი მაო ძედუნს ერგო. საკუთარი მასწავლებლის იოსებ სტალინის კვალდაკვალ, მაო ძედუნმა ჩინეთის სოციალისტურ სამოთხედ გარდაქმნა დაიწყო. 

მაო ძედუნი 1949 წლის 1 ოქტომბერი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. პეკინი ტიანანმენის მოედანი

მაო - პირველი თანასწორთა შორის

თუ საბჭოთა კავშირში მილიონობით გლეხის დამონებას, მიწისა და ყველანაირი საკუთრების წართმევას, კოლექტივიზაცია ეწოდა, ჩინეთში იგივე პროცესი დიდი ნახტომის სახელწოდებით წარიმართა. სტალინის მსგავსად, მაოს გეგმა გლეხების შიმშილისა და უფასო, მონური შრომის ხარჯზე ქვეყნის ელვისებურ ინდუსტრიალიზაციას გულისხმობდა.

ახალი პოლიტიკის დაანონსებმდე, მაო ძედუნმა პირველად გადაცურა მდინარე იანძი. 10 წლის შემდეგ, 72 წლის ასაკში. ის კიდევ ერთხელ გადაცურავს ქვეყნის მთავარ მდინარეს.  

დგინდებოდა ახალი გეგმები კაპიტალისტურ ქვეყნებთან დაწევისა და გასწრების შესახებ. საკვანძო მაჩვენებლად ფოლადის წარმოება მიიჩნეოდა. ორიენტირად მაომ დიდი ბრიტანეთი აიღო, რომელსაც, მისივე გეგმის თანახმად, ჩინეთი 15 წელში გადაასწრებდა.

საბჭოთა კოლექტივიზაციის მოდელზე დაყრდნობით, მაომ ჩინეთის სოციალური სტრუქტურის შეცვლის გეგმა დასახა. მცირე ზომის გლეხურ შინამეურნეობებს არ ჰქონდათ რესურსი საშინაო გადამდნობი ღუმელები დაემონტაჟებინათ. სწორედ საშინაო წარმოების განვითარებით იგეგმებოდა ფოლადის წარმოების რეკორდულად გაზრდა.

ახალგაზრდა მაო ძედუნი კითხულობს იოსებ სტალინის ნაშრომს "სოციალიზმი ცალკეულ ქვეყანაში"
ახალგაზრდა მაო ძედუნი კითხულობს იოსებ სტალინის ნაშრომს "სოციალიზმი ცალკეულ ქვეყანაში"

გეგმის მიხედვით, 1958 წლიდან დაიწყო სახალხო კომუნების - ჩინური კოლმეურნეობების შექმნა, რომელშიც მილიონობით გლეხი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, სიკვდილის შიშით ერთიანდებოდა. დაიწყო ახალი გეგმის საყოველთაო აგიტაცია სოფლებსა და ქალაქებში. მოსახლეობა შინაურ ფეჩებში, უთოთი დაწყებული, ქამრის ბალთითა და ჩანგლით დამთავრებული, მეტალის ყველანაირ ნივთს ყრიდა.

უნდა ითქვას, რომ მაო პროცესში ბევრად ღრმად შევიდა და საბჭოთა კავშირისგან განვსხვავებით. ჩინეთში ადამიანების პირადი ნივთებიც საერთო საკუთრება გახდა. 

სახალხო კომუნები მსხვილ თვითმყოფად გაერთიანებას წარმოადგენდა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და იკვებობდნენ ერთად, საერთო სასადილოებში. კომუნებში ხმარებიდან სრულად ამოიღეს ფული. წლის ბოლოსთვის ჩინეთში 25,000 კომუნა ჩამოყალიბდა, თითოეულში, საშუალოდ 5,000 ოჯახი შედიოდა. 

საბოლოოდ, "დიდი ნახტომი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შიშმილით დასრულდა, რომლის დროსაც 23-დან 53 მილიონამდე ადამიანი მოკვდა. რაც შეეხება ფოლადის წარმოებას, 1958 წელს მაჩვენებელი 45%-ით გაიზარდა, 1959 წელს 30%-ით, თუმცა საბოლოოდ ფოლადის მწარმოებელი შინამეურნეობების არაეფექტურობა აშკარა გახდა. გეგმა დაიხურა და დავიწყებას მიეცა. 

ასე გამოიყურებოდა ფოლადის წარმოების საშინაო მეურნეობები

დიდი ნახტომის გამანადგურებელმა შედეგებმა მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია მაოს იმიჯსა და მის პერსონალურ გავლენაზე პარტიაში. 1960-იანი წლების პირველ ნახევარში, მაოს ოდესღაც უსაზღვრო გავლენა და საჯარო აქტივობები მინიმუმამდე დავიდა. ვრცელდებოდა ხმების მისი ჯანრმთელობის გაუარესების და სიკვდილის შესახებ. თავმჯდომარეს უნდა მოეძებნა გზა, რომლითაც იგი ჩინური კომუნიზმის უცვლელ სახედ დარჩებოდა და ახალ რევოლუციას გაუძღვებოდა. 

"პოლიტიკური ძალაუფლება შაშხანის ლულიდან მოდის" - მაო ძედუნი

მაო ძედუნი მდინარე იანძიზე, ვუხანის ხიდის ფონზე 1966

მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, სსრკ-ში კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა ჩატარდა. ყრილობაზე ახალმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშოვმა, დაგმო სტალინის კულტი და საბჭოთა კავშირში დესტალინიზაციის პერიოდი დაიწყო, რომელიც მოგვიანებით დათბობის სახელით გახდა ცნობილი. 

დესტალინიზაცია სტალინის კულტის დაგმობას და სტალინისტურ მეთოდებზე უარის თქმას გულისხმობდა. მაო ხედავდა, რომ მის მემკვიდრეობასაც იგივე საფრთხე ემუქრებოდა. კომუნისტური რევოლუცია უკან დარჩა, ხოლო დიდი ნახტომის კატასტროფული მარცხის შემდეგ, მაოს იდეებს სერიოზულად არავინ ეკიდებოდა. მის ადგილს დიდი კომუნისტების პანთეონში საფუძველი შეერყა. 

სწორედ აქედან იწყება მდინარის ამბავი. მაო კარგი მოცურავის რეპუტაციით სარგებლობდა, მეტიც, ცურვა მისი იდეოლოგიის ერთ-ერთი სიმბოლოდაც გამოიყენობოდა. 1956 წლის ისტორიული გადაცურვიდან ცოტა ხანში ქვეყანაში კოლექტივიზაცია დაიწყო.

10 წლის შემდეგ, მაო კვლავ ბრუნდება იანძიში, რათა საბოლოოდ გაფანტოს ბოროტი ხმები მისი ჯანმრთელობის შესახებ. ამჯერად თავმჯდომარესთან ერთად, მისივე პორტრეტებით აღჭურვილი ათასობით მიმდევარი მიცურავს. ადგილზე იმყოფება მაოს პირადი ფოტოგრაფიც, რომელმაც გაცურვის დროს ორ ისტორიული მნიშვნელობის ფოტოს იღებს.

ცხადია, ბელადის გაცურვა ახალი პროპაგანდისტული ტალღის გასაღვივებლად გამოიყენება. ჩინური გაზეთები წერენ, რომ 72 წლის მაომ ერთ საათში 15 კილომეტრი გაცურა, რაც მსოფლიო რეკორდზე უკეთესი მაჩვენებელია. გაცურვა საგანგაშო ნიშანი იყო, რომელიც 10 წლის წინანდელის მსგავსად ახალ რევოლუციას მოასწავებდა.

მართლაც, გაცურვამდე ორი თვით ადრე, მაომ ახალი პროლეტარული, კულტურული რევოლუციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ის მოსახლეობას მოუწოდებდა, გამოეაშკარავებინათ და გაენადგურებინათ ბურჟუაზია, რომელიც კომუნისტური პარტიის რიგებში აღმოცენდა. 

მოქალაქეებს უნდა გაეწმინდათ პარტია და ქვეყანა ადამიანებისგან, რომლებმაც მაოიზმის პრინციპებს გადაუხვიეს. ცნობილმა გადაცურვამ კამპანიას ახალი ძალა შემატა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაო ძედუნის კულტის ახალი ტალღას დაუდო საფუძველი. ეს ბიძგები კი იმ ჯგუფიდან დაიწყო, რომელზეც გავლენის მოხდენა მაოს ყველაზე მეტად სურდა - ახალგაზრდებზე. 

კულტურული რევოლუციის საწყის ეტაპი, ხუნვეიბინების ჯგუფი პეკინში

მილიონობით ახალგაზრდა ჩინელი პარამილიტარულ, ფანატიკურ, წითელ გუშაგთა ჯგუფებში გაერთიანდა, რომლებიც მსოფლიომ ხუნვეიბინების სახელით გაიცნო. ხუნვეიბინები ძირითადად ქალაქებში იყვნენ მობილიზებულები, მაოს კურთხევითა და კულტურული რევოლუციის სახელით მათ გამანადგურებელი შურისძიება დაიწყეს. 

მათი მიზანი იყო გაენადგურებითან ოთხი სიძველე - ძველი კულტურა, ძველი იდეოლოგია, ძველი ჩვეულებები, ძველი ტრადიციები. ყველაფერი ძველი უნდა განადგურებულიყო. მთავარ იდეას წარმოადგენდა იმპერიული მემკვიდრეობის განადგურება და ჩინეთის ისტორიის იმგვარად გადაწერა, რომ ყველაფრის ცენტრში მაო ძედუნი ყოფილიყო. 

ხუნვეიბინები შენობებსა და ქუჩებს ახალ სახელებს ანიჭებდნენ, ანადგურებდნენ კულტურულ ძეგლებს, ფიზიკურად ძალადობდნენ და ხშირად კლავდნენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც, მათი აზრით, მაოს იდეებს ეწინააღმდეგებოდნენ. რაც მთავარია, მსხვერპლს შორის იყვნენ უმაღლესი სახელმწიფო პირები და პარტიული ფუნქციონერები. მათ შორის, ჩინეთის მომავალი ლიდერი დენ სიაპონი და ახლანდელი მმართველის - სი ძინპინის მამა.

ჩინეთის ნომინალური პრეზიდენტი ლიუ შაოცი ხუნვეიბინების გარემოცვაში. ლიუ შაოცი კულტურული რევოლუციის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში კაიფინის პროვინციის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. მაო მას მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა

მსხვერპლზე თავდასხმის დროს უკლებლივ ყველა ახალგაზრდას ხელში მაო ძედუნის წითელი წიგნაკი ეჭირა, რომელიც მისი გამონათქვამებისა და აფორიზმების კრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ხუნვეიბინები დაშლილად 1969 წელს გამოცხადდენ, კულტურული რევოლუცია მცირე მასშტაბებით 1976 წლამდე - მაოს სიკვდილამდე გაგრძელდა. 10-წლიანი გამანადგურებელი რევოლუციის შედეგად, მაო პრაქტიკულად ღვთიური მასშტაბის ფიგურად იქცა, განადგურდა ყველანაირი საწინააღდმდეგო აზრი და შიდა პარტიული ოპოზიცია. 

კულტური რევოლუციის დროინდელი პოსტერი წარწერა - "მაოს ფილოსოფია ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღია"

კულტურულ რევოლუციას მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იმ დროინდელი კოშმარები ჩინეთში დღესაც ახსოვთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამჯერად მაომ საწადელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 1981 წელს ჩინეთის კომპარტიამ ოფიციალურად დაგმო კულტურული რევოლუცია და პიროვნების კულტი, პროცესი უშუალოდ მაოს არ შეხებია. 

ჩინურმა კომპარტიამ უარი თქვა მაოისტურ პრინციპებზე, თუმცა ამას არ მოჰყოლია მისი დაგმობა და თავმჯდომარის უზარმაზარი პორტრეტი დღემდე დაჰყურებს ქვეყნის მთავარ მოედანს. 

მაო ძედუნი სიცოცხლის ბოლო წლებში რამდენიმე მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა, მათ შორის იყო ლუი გერიგის დაავადებაც. ის დღეში დაახლოებით ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა და არასდროს იხეხავდა კბილებს. შედეგად, ცხოვრების ბოლოს თავმჯდომარეს საკვებს მხოლოდ თხევადი ფორმით აწვიდნენ. 

მაოს სიკვდილის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში ერთმანეთის პირისპირ ორი მტრული ფრაქცია აღმოჩნდა. ერთ მხარეს მაოს ძველი თანამებრძოლები, პირველი თაობის კომუნისტები იყვნენ - ფრაქციის ლიდერი მეორე გადასახლებიდან დაბრუნებული დენ სიაოპონი იყო. მეორე მხარეს რადიკალური მემარცხენე ჯგუფი იდგა, რომელსაც მაო ძედუნის მეოთხე ცოლი ძიანგ ცინგი ხელმძღვანელობდა. 

სწორედ, ძიანგ ცინგი იყო კულტურული რევოლუციის იდეის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი სახე. ძიანგ ცინგის მხარეს პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანი იყო. მათი დაჯგუფება მოგვიანებით ოთხთა ბანდის სახელით გახება ცნობილი. დაახლოებით ერთწლიანი შიდაპარტიული ბრძოლის შემდეგ, ძიანგ ცინგი თანამოაზრეებთან ერთად გაასამართლებენ. 

"მე მაოს პირადი ნაგაზი ვიყავი, ვის კბენასაც დამავალებდა, იმას ვკბენდი", — განაცხადებს სასამართლო სხდომაზე ძიანგ ცინგი. მას სასიკვდილო განაჩენს საბოლოოდ უვადო პატიმრობით შეუცვლიან. 1991 წელს, პეკინის ციხის ლაზარეთში ძიანგ ცინგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

ძიანგ ცინგი სასამართლო პროცესზე

სტალინისგან განსხვავებით, მაო პოლიტიკური მტრების ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანებას თითქმის არასდროს იძლეოდა. ის პოლიტიკური განეიტრალების სხვა მეთოდებს ანიჭებდა უპირატესობას. მაოს რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლი ვიცე-პრემიერი დენ სიაოპინი იყო. დენ სიაოპინი ე.წ. ტექნოკრატების დაჯგუფებას მიეკუთვნდებოდა, რომლებიც ძირითადად ეკონომიკური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი. 

1965 წლიდან 1976 წლამდე დენ სიაოპინი ორჯერ გადაასახლეს, მას ყველანაირი თანამდებობა და საკუთრება ჩამოართვეს. კულტურული რევოლუციის წლებში ერთ-ერთ პროვინციაში რიგით მუშად გაამწესეს. კარიერული დანაკარგების გარდა, კულტურული რევოლუცია დენ სიაპონის პირად ტრაგედიადაც იქცა - ხუნვეიბინები შევარდნენ მის საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე საათიანი წამების შემდეგ დენ სიაპონის უფროსი შვილი მეორე სართულიდან გადმოხტა. ამჟამად დენ პუფანი ჩინეთის შშმ პირთა ასოციაციის პრეზიდენტია. 

კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ყრილობაზე, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომაროების განხილვისას, დენ სიაოპინმა განაცხადა - "რა მნიშვნელობა აქვს, კატა შავია თუ თეთრი, თუკი ის თაგვებზე კარგად ნადირობს." დენ სიაპონის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად დაიწყო ფუნდამენტური ეკონომიკური გარდაქმნები.

ჟურნალ Time-ის გარეკანი 1983 წლის 26 სექტემბერი

ჩინეთმა უარი თქვა გეგმიურ ეკონომიკაზე, ქვეყანა გაიხსნა უცხოური კაპიტალისთვის და გეზი საბაზრო ეკონომიკისკენ აიღო. დენ სიაოპინის გარდაქმნების შედეგად უკანასკნელ 40 წელიწადში სიღარიბეს თავი 800 მილიონმა ჩინელმა დააღწია - ეს ეკონომიკური ისტორიის ყველაზე მასშტაბური გარღვევაა. 10 წლით გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ხოლო ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდა. 

ეკონომიკური გარდაქმნებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ გატარებულა მასშტაბური პოლიტიკური რეფორმები. კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნა მონოპოლია ძალაუფლებაზე და უარი თქვა შემდგომ დემოკრატიზაციაზე. 1989 წელს დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით გამოსულ ასი ათასობით ადამიანს ჩინეთის ხელისუფლებამ სამხედრო ძალით უპასუხა. მოვლენები ტიანანმენის სასაკლაოს სახელით გახდა ცნობილი. 

ყველაზე ცნობილი ფოტო ტიანანმენის დემონსტრაციიდან

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური პოლიტიკურ რეფორმებზე ქვეყანამ უარი თქვა, დენ სიაოპინმა მნიშვნელოვნად შეცვალა წესები პარტიის შიგნით. პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ, კომპარტიაში ე.წ. კოლექტიური მართვის მოდელი დამკვიდრდა, რომელშიც ერთი ადამიანის ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირების შესაძლებლობას არ იძლეოდა. 

კომპარტიის თავმჯდომარის პოსტზე ორვადიანი კონსტიტუციური ლიმიტი დაწესდა. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ სტრუქტურად კომპარტიის პოლიტბიურო დარჩა, თუმცა ძალაუფლება მის წევრებს გადანაწილებული ჰქონდათ. მართვის ეს მოდელი ძალაუფლების უზურპაციისა და ერთპიროვნული დიქტატურის რისკებს ამცირებდა. მართლაც, ამ პირობებში კომპარტიის ბელადთა ორი თაობა შეიცვალა. 

დენ სიაოპინის მიერ დამკვიდრებული წესრიგმა თითქმის ორმოცი წელი გაძლო, თუმცა საბოლოოდ ახალი ლიდერის სი ძინპინის არჩევასთან ერთად დასრულდა. 

კომენტარები