საარჩევნო შეთანხმება

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ღრმა კრიზისში შეიყვანა

Nika Melia/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს უსუსურ მდგომარეობაშია და მორიგმა ტყუილმა ის დაასუსტა.

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოზიციები გაიძლიერა და კიდევ ერთხელ, მორიგი ტყუილით დაასუსტა ხალხი, რომელსაც მოწინააღმდეგედ თვლის, არის აბსოლუტურად შორს სიმართლისგან. პირიქით, საკუთარი თავი შეიყვანა ღრმად კრიზისში. რატომ გააკეთა ეს? უბრალოდ გაბრაზებულია. აი, გაბრაზდა ყველაზე და ყველაფერზე და უკვე გაბრაზდა უცხოელ პარტნიორებზე", - თქვა მელიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გაბრაზება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდება.

"ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიღებული გადაწყვეტილება დამოუკიდებელი არ იყო და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ვერც გადადგამდა ამ ნაბიჯს, რომ არა ირიბი მხარდაჭერამაინც ჩვენი ამერიკელი და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. როგორც მინიმუმ, ირიბი მხარდაჭერა, რომ არ ყოფილიყო, გაუჭირდებოდა მასაც კი ამ ნაბიჯის გადადგმა.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ამერიკელებმა, ევროპელებმა ყველაფერი გააკეთეს ან მინიმუმ არაფერი არ გააკეთეს, რომ ჩემი მოსისხლე მტერი ვიღაცა პრეზიდენტ ზელენსკიმ როგორ დამინიშნა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში. და გაბრაზდა სხვადასხვა ქვეყნების მიერ აქ წარმოდგენილ ელჩებზე. ეს ადამიანი ფიქრობს და ბრაზდება პრიმიტიულად, ძალიან მარტივი კატეგორიებით ცხოვრობს და მთავარი მიზეზი ეს არის", - თქვა მელიამ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც თქვეს, რომ 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. 

საელჩოებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

იგივე გაიმეორეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები