საარჩევნო შეთანხმება

დეგნანი: ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს

კელი დეგნანი
dvidshub.net

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება შესრულდება.

"ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამეტში ორი მოსმენა გაიმართა, იყო ორი კენჭისყრა, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას დამდეგი არჩევნებისთვის. ასევე, ერთობლივი განცხადება ამ შეთანხმებისა, რომელიც შეეხება პოლიტიკურ გავლენას მართლმსაჯულებასა და შერჩევით სამართალში. ეს საკითხი უნდა შესრულდეს. დიდი წარმატება იქნება, თუ ცვლილებები პარლამენტში გავა სრული მხარდაჭერით. ეს იქნება ერთგულების გამოხატულება იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რაც საქართველოშია და არჩევნებისთვის უკეთეს პირობას შექმნის.

ჩვენ გვესმის, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. იმედი გვქვს, რომ ასეც იქნება, შეთანხმება შესრულდება და კონსტიტუციური ცვლილებები იქნება მიღებული.

ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი, რომ სრულად წარმატებით შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება". - თქვა მან ჟურნალისტებთან. [რუსთავი 2-ის თარგმანი]. 

29 მაისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს III მოსმენით კენჭი უნდა უყაროს.

გიორგი რურუას გათავისუფლება კი 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. სწორედ ამ დოკუმენტის ფარგლებში ხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

კერძოდ, შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

პარლამენტმა 115 ხმით საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი 23 ივნისს დაუჭირა. კენჭისყრას ესწრებოდა 119 დეპუტატი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტში კანონის მისაღებად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც შეგროვდა.

პირველი მოსმენის დროს, რომელიც 21 ივნისს გაიმართა, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილებებს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ცვლილებები 136 ხმით მიიღეს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე - რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხვევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს მანამდე, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები