საარჩევნო შეთანხმება

მდინარაძე: ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია, 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიის 92 წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ცვლილებები საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30 პროპორციით გადანაწილებას გულისხმობს. ცვლილების განხილვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს, 19 ივნისსაა დაგეგმილი, მანამდე ქართული ოცნება პარტიის ოფისში შეიკრიბება.

"იურიდიული კომიტეტის სხდომამდე უმრავლესობის სხდომა გვექნება, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს, თუმცა ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რადგან შემდეგ კვირაში, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა", - თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, 117 ხმა დათვალეს - პროექტს მხარს დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსი დაუჭერენ.

"იმ შემთხვევაში, თუ ყველა დეპუტატი, ვინც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, თავის პირობას შეასრულებს, პროექტის მიღებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება", - თქვა მდინარაძემ.

საარჩევნო სისტემის ამ ფორმით შეცვლა 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. ამასთან, შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობს. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

საპყრობილეში რჩება გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. მთავარი არხის წილის მფლობელი ბიზნესმენი, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 18 ნოემბრის აქციაზე დააკავეს. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლებაც საარჩევნო შეთანხმების ნაწილია და იმ შემთხვევაში, თუ არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რეფორმის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება, ვინაიდან სწორედ ისინი არ ასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას.

თუმცა, მამუკა მდინარაძე, ისევე, როგორც მთელი სახელისუფლებო გუნდი, ფიქრობს, რომ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

კომენტარები