საარჩევნო შეთანხმება

კობახიძე: სამართლიანობა 2-3 არაობიექტური წერილისგან შექმნილ დისკომფორტზე მნიშვნელოვანია

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება სწორი გადაწყვეტილება არ იყო, რადგან სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამატებითი წერილების მიერ გამოწვეული დისკომფორტი.

"აბსოლუტურად გასაგებია თითოეული მოქალაქის წყენაც და აღშფოთებაც, რომლებიც იყვნენ აბსოლუტურად აღელვებული და ემოციებს ვერ მალავდნენ განსაკუთრებით პირველ დღეებში, როდესაც გაიგეს ამ ორი პირის [უგულავასა და ოქრუაშვილის] შეწყალების შესახებ.

ასეთი რაღაცები, ბუნებრივია, უსამართლობის განცდას აჩენს და ეს ძალიან მძიმეა და შესაბამისად, ამის მიხედვით გავაკეთეთ ჩვენ რეაგირება ამ ბრიფინგზე და ჩვენ მართლა შინაგანად გვწამს, რომ მთლიანობაში არ იყო სწორი გადაწყვეტილება ამ ორი პატიმრის გამოშვება, იმიტომ რომ სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რაღაცა დისკომფორტი არ შეგიქმნას დამატეტებით ორმა თუ სამმა წერილმა, რომელიც არაობიექტურია. როგორ შეიძლება ეს წერილი იყოს ობიექტური და ობიექტური, რომ არ არის, იმიტომ არ ქმნის ზუსტად პრობლემას", - თქვა კობახიძემ.

საერთაშორისო საზოგადოებისგან წამოსული წნეხის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ორივე მათგანს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 

7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები