საარჩევნო შეთანხმება

კობახიძე: ელჩები მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების პრევენციას ითხოვენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები "მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების პრევენციას" ითხოვენ და არა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კობახიძე TV იმედის ეთერში გამოეხმაურა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებას და აღნიშნა, რომ "ელჩები ძალიან მკაფიოდ ითხოვენ ორივე პირობის შესრულებას".

"აქედან ერთია მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების პრევენცია და ამ მიმართულებით ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია მართლმსაჯულებაში ჩარევა.

ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ჩვენ, რომ ოპოზიცია ყოველდღიურად დგამს ისეთ ნაბიჯებს რომელიც სწორედ ამას გულისხმობს. როდესაც ისინი აცხადებენ, რომ თურმე ჩვენ შევთანხმდით, რომ უცბად უნდა გამოგვეშვა ციხიდან ან უგულავა, ან ოქრუაშვილი ან რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება" - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ელჩები შეთანხმების მეორე ნაწილის შეასრულებას, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, ოპოზიციას სთხოვენ.

"ჩვენი მხრიდან ამ პროექტის მხარდაჭერას არავითარი საფრთხე არ ექნება, ელჩების ეს მოწოდება ოპოზიციამ უნდა შეისმინოს და მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში დარჩება ის სისტემა, რომელიც მათ დატოვეს მემკვიდრეობით და რომელიც მათ ძალიან მოსწონდათ და როგორც ჩანს, დღესაც მოსწონთ, რადგან ამ სისტემის შენარჩუნება უნდათ.

მივმართავ მათ, გამოიჩინონ გონიერება, მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რაც მათ აქვთ, ამაში იგულისხმება, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან დაბალია, არჩევნებში არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ამის მიუხედავად, უნდა ეყოთ კეთილგონიერება და უნდა შეასრულონ შეთანხმების ორივე პირობა. პირველი, მათ უნდა შეწყვიტონ სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მართლმსაჯულებაში უკანონო ჩარევის თაობაზე და მეორე, მათ მხარი უნდა დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს" - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი  სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. 

"შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ" - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

იგივე გაიმეორეს ირაკლი კობახიძემკახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები