კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთის მთავრობა Covid-19-ის გამო შემოღებული ზომების შემსუბუქებას ჯერჯერობით არ განიხილავს

მაიკლ გოუვი
Reuters

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა, მაიკლ გოუვმა, თქვა, რომ 4 კვირის წინ ქვეყანაში შემოღებული კარანტინის ზომების მოხსნა ჯერჯერობით არ განიხილება.

ის Buzzfeed-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად მომდევნო თვიდან გეგმავდა. მან ეს ინფორმაცია უარყო.

"ფაქტები და რჩევები ამ მომენტისათვის ნათელია. ჩვენ შეზღუდვების მოხსნაზე ჯერჯერობით არ უნდა ვიფიქროთ. არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები კლებისკენ მიდის, თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ." - უთხრა მან Sky News-ს.

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 120,067 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ბოლო 24 საათში გამოვლინდა 5,850 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 596 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რიცხვი 16,060-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ააჩქარეს ტესტირების ტემპი. განზრახვა გერმანიის და სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარებაა, რომელთაც მასობრივ ტესტირებებს მიმართეს, რითაც ბევრ სხვა ქვეყანაზე წარმატებით მართავენ კრიზისს.

თავდაპირველად ბრიტანეთი განსხვავებული სტრატეგიით აპირებდი კრიზისის გამკლავებას. ბრიტანეთის მთავრობის ლოგიკა ეფუძნებოდა პრინციპს, რომელიც რისკ-ჯგუფების დაავადებისაგან მაქსიმალურად დაცვასა და საზოგადოებრივი იმუნიტეტის ამაღლებას მოიაზრებდა.

ამ პრინციპის თანახმად, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი შეიძლებოდა იმ შემთხვევაში აღმოჩენილიყო, თუ რისკ-ჯგუფები მისგან მაქსიმალურად შორს დაიჭერდნენ თავს, ამასობაში, მთავრობა მკაცრ ზომებს არ გამოიჩენდა დაავადების დანარჩენ, ნაკლები რისკის შემცველ ჯგუფებში გავრცელების აღსაკვეთად, რითაც საზოგადოებრივი იმუნიტეტი ამაღლდებოდა და მომდევნო ზამთრისთვის დაავადება ნაკლებად სახიფათო გამოდგებოდა.

კრიტიკის შემდეგ მთავრობამ მიდგომა შეცვალა და ზომები გაამკაცრა, მათ შორის კარანტინთან დაკავშირებით. აიკრძალა მასობრივი თავშეყრაც.

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასთან ერთად ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და ესპანეთში აკრძალვების ეტაპობრივად შემსუბუქებას იწყებენ.

კომენტარები