კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

შეაჩერა თუ არა კოვიდი მოსახლეობის 30%-ის ვაქცინაციამ ბრიტანეთში

Al Jazeera

კორონავირუსის მეორე ტალღა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. 1-ლი სექტემბრიდან მოყოლებული, ვირუსმა 1.6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ ამერიკაში, 22 თებერვლის მდგომარეობით 500 000 ადამიანი გარდაიცვალა. ისედაც მძიმე სიტუაციას კი ახალი მუტაციები და ეპიდაფეთქებები ემატება.

თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე გამოჩნდა. თებერვლის ბოლოსთვის, 92 ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. შეერთებულმა შტატებმა უკვე მოახერხა მოსახლეობის 16%-ის აცრა, შედეგად კი ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 14 დღეში ერთხელ ნახევრდება.

ცალკე განხილვის საგანია ისრაელი. თებერვლის მონაცემებით, 70 წელს გადაცილებული მოსახლეობის 84% სრულად იმუნიზებულია. გავრცელების პიკიდან(19 თებერვალი) მოყოლებული, მძიმე ჰოსპიტალური პაციენტების რაოდენობა კი თითქმის მესამედითაა შემცირებული:

მსგავს შედეგებს უკვე ბრიტანეთშიც ვხედავთ. ქვეყანაში პირველი ვაქცინა 2020 წლის 8 დეკემბერს გაკეთდა და დღესდღეობით, ზრდასრული მოსახლეობის 31%-ს, მინიმუმ, ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. უკეთესი დაფარვაა მაღალი რისკის ჯგუფებში. 80 წელს გადაცილებული ბრიტანელების 80% და 70+ ასაკობრივი ჯგუფის 83%, თებერვლის მდგომარეობით, სრულად იმუნიზებულია. 

როგორია ვაქცინაციის შედეგები პანდემიის მართვის თვალსაზრისით? შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აცრილი მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის დონე, პირველი დოზის მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში, ფაიზერით აცრით შემთხვევაში 85%-ით შემცირდა, ასტრაზენეკათი კი – 94%-ით.

წარმატებულ შედეგებზე მიუთითებს ინგლისური სტატისტიკაც: ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 22 იანვარს 1 164 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, 64%-ით შემცირდა. სიკვდილიანობა 85+ ასაკის ადამიანებში 66%-ით შემცირდა, დანარჩენ მოსახლეობაში კი – 60%-ით:

3 მარტს, NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"რო აცრეს, ვთქვათ, ბრიტანეთმა 30% მოსახლეობის, ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი? ეს ხომ ელემენტარულია, რომ ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს, ვაქცინაციის დამთავრება... ვაქცინაციის დაწყება არ აჩერებს ეპიდ პროცესს, ეპიდ პროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას".

სტატიაში გაანალიზებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის მიერ მოსახლეობის იმუნიზაციის დაწყებამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა. წარმატებულმა სტარტმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს, საშუალება მისცა, 22 თებერვალს შეზღუდვების ნაწილის მოხსნა დაეანონსებინა, რაც ქვეყანას პანდემიამდელ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობასთან დააახლოებს. 

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში. ამ დროისათვის, ქვეყანაში არცერთი აცრა არ არის გაკეთებული. 

 

კომენტარები