კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირების შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გაავრცელა. ჯერჯერობით ეს მსოფლიოში ომიკრონით გარდაცვალების საჯაროდ დადასტურებული პირველი შემთხვევაა.

"სამწუხაროდ, ახლა დადასტურდა, რომ სულ მცირე ერთი პაციენტი ომიკრონისგან გარდაიცვალა. [..] ასე რომ ვფიქრობ, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ, რომ ომიკრონი ვირუსის უფრო მსუბუქი ვარიანტია და ვაღიაროთ, როგორი დიდი სისწრაფით ვრცელდება ის მოსახლეობაში" – თქვა ბორის ჯონსონმა.

ჯანდაცვის მდივნის საჯიდ ჯავიდის თქმით, ამჟამად ომირკონი ინგლისში გამოვლენილი შემთხვევების 20%-ს შეადგენს.

ორშაბათს, 13 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 54 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან დადასტურდა, რომ 4 713 შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაა. ჯავიდის თქმით, მოსალოდნელია, რომ მომავალ 48 საათში ომიკრონი ლონდონში დომინანტური ვარიანტი გახდება.

ორშაბათს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ დაადასტურა, რომ ომიკრონით ინფიცირებული 10 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პაციენტების ასაკი 18-დან 85 წლამდეა და მათ უმეტესობას კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული.

ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. განგაშის მეოთხე დონე ნიშნავს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ან მისი გავრცელების სიჩქარე სწრაფად მატულობს და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში განგაშის ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მომავალი კვირიდან ინგლისში ვაქცინის ბუსტერ დოზა 18 წელს ზევით ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ თვის ბოლომდე ბუსტერ დოზა ყველა მსურველმა გაიკეთოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.

COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება". – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.

კომენტარები