დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყო.
პირველ ეტაპზე ვაქცინის 530 000 დოზა ინგლისში მდებარე ექვსმა საავადმყოფომ მიიღო. მომდევნო დღეებში ვაქცინა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით კიდევ ასობით ლოკაციაზე გახდება ხელმისაწვდომი.
გასულ თვეს დიდი ბრიტანეთი ასევე პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო. ამ დროისათვის ამ ვაქცინით ქვეყანაში მილიონამდე ადამიანი აიცრა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინა გამოყენებისათვის 30 დეკემბერს დაამტკიცა.
Pfizer-ის ვაქცინისაგან განსხვავებით მისი შენახვისათვის საჭირო არ არის განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა და შენახვა, ხოლო ტრანსპორტირება 2-8 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე არის შესაძლებელი.
დიდ ბრიტანეთს სულ 100 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი. ვაქცინას, თავდაპირველად, მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი პირები მიიღებენ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ იზრდება. მხოლოდ 3 იანვარს კორონავირუსით დაავადების 55 000 შემთხვევა დადასტურდა. სულ გამოვლენილია დაავადების 2 654 779 შემთხვევა, გარდაიცვალა 75 024 ადამიანი.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ვაქცინის ორივე დოზით აცრის ნაცვლად, ამ ეტაპზე, პრიორიტეტი ენიჭება პირველი დოზის რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის მიწოდებას.
პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ მოსალოდნელია შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება.