კორონავირუსი

დეკანოზი ანდრია: ხარების მეორე დღეს ხალხი არ იყო, ინფიცირებულმა მღვდელმა მარტომ იმსახურა

მთავარი არხი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურმა გიორგი პაპავამ, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თავი შეუძლოდ ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს იგრძნო.

"როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით იმსახურა, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების შემდეგ, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის მერე მიმართა ექიმებს და დაუდგინდა ვირუსი.

მეორე დღეს მას ჰქონდა მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ არ იყო ფქტიურად, იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ - ვინც რისკ ჯგუფებშია, ვისაც სახლში ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც რისკ ჯგუფს განეკუთვნება, ჩვენ ეს ხალხი გავაფრთხილეთ და ასაკოვანი ადამიანები, რომ მათ თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, მეორე დღეს არ იყო ხალხი, ფაქტობრივად არავინ არ იყო, მარტომ ვიმსახურეო" - ამბობს ჯაღმაიძე და აღნიშნავს, რომ ეკლესიის "დანარჩენი მოძღვრები არიან თვითიზოლაციაში, ტაძარი არის ამ ეტაპზე კარანტინში, ტარდება დეზინფექცია".

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. ის და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მამა გიორგი პაპავას თქმით, სიმპტომები დაეწყო ხარებას, საღამოს სიცხემ აუწია, დაახლოებით, 38-მდე, მეორე დღეს უფრო მეტი - 39 ჰქონდა, თუმცა, ეკლესიაში მაინც იყო ღვთისმსახურების აღსავლენად.

"იმ დღეს ვიმსახურე მე, მაგრამ ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა ბოლოში და მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია,"- ყვება მამა გიორგი. 

კომენტარები