კორონავირუსი

მამა შალვა: მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე

მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია, ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომას ეკლესიაში წირვაზე არ წავიდეს. დღეს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, საქართველოში ათ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. 

"მაგალითად, მე რომ მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას როგორ გავაცდენ? ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველაფერი ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს თუ ვირუსი მომკლავს, მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წავიდე. მე, მაგალითად, მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე", - უთხრა მამა შალვამ რუსთავი 2-ს.  

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს".

კომენტარები