კორონავირუსი

მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე: მღვდელმთავრები უნდა შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, კორონავირუსის გამო სინოდის საგანგებო სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, ქვეყანაში "დამაფიქრებელი" მდგომარეობაა, რადგან ვირუსი ვრცელდება, რომლის შესახებაც "არავინ არაფერი არ იცის". 

"არის იმის საშუალება რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ როგორ მოვიქცეთ. ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა ხდება"- ამბობს მეუფე გრიგოლი და აღნიშნავს, რომ შეხვედრა იმისთვისაც საჭიროა, რათა გაირკვეს რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა, რადგან ის რეკომენდაციები, რომელიც ზიარების წესთან დაკავშირებით საპატრიარქომ 14 მარტს გაავრცელა, პატრიარქისგან არ მოუსმენია. 

"გამოვდიოდი ახლა და რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ის "სიტკბოება" რომელიც მიიღეს ადამიანებმა ერთჯერადი ჭიქებით, ჩვენო დავბრკოლდითო, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. თქვენ ხვდებით რაზეა საუბარი? შეიძლება ვირუსი ისე განვითარდეს, ჩვენ არ ვიცით რას გვიმზადებს საღვთო განგებულება და რა შეიძლება მოხდეს ხვალ... გასააზრებელია რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი ვისი კურთხევაა და საიდან მოდის ეს კურთხევები, იმიტომ რომ ჩემთვის საიმედო და სარწმუნოა და უფრო ავტორიტეტულია ის სიტყვა, დამაჯერებელი, რომელიც უშუალოდ პატრიარქის ბაგიდან მესმის"- ამბობს მეუფე გრიგოლი. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

14 მარტს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დასაშვებად მიაჩნიათ, ზიარების შემდეგ სასმლის, "სიტკბოების" მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდეს. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

კომენტარები