კორონავირუსი

ჩინეთის პრეზიდენტი ვუხანს კორონავირუსის გავრცელების შემდეგ პირველად ეწვია

CNN

10 მარტს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების ეპიცენტრში, ვუხანში ჩავიდა. ვირუსის გავრცელების შემდეგ ვუხანში ეს მისი პირველი ვიზიტია. 

ჩინეთის სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ ვუხანში ვიზიტის დროს ის სამედიცინო პერსონალს, სამხედროებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაღალჩინოსნებსა მოხალისეებს შეხვდება, რომლებიც ვირუსს გავრცელების ეპიცენტრში ებრძოდნენ და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავს. როგორც ჩინურ მედიაში განაცხადეს, სი ძინპინი პაციენტებსა და ადგილობრივებსაც შეხვდება.

სი ძინპინი ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში ჩინურ მედიაში არ ჩანდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა ეს შეიცვალა. თავდაპირველად, იანვრის ბოლოს, ვუხანში ჩინეთის პრემიერი ლი ქეციანგი ჩავიდა.

ჩინურმა სახელმწიფო მედიამ დღეს 7 იანვრიდან 2 მარტამდე ვირუსის შეკავებისთვის სი ძინპინის მიერ გაცემული სხვადასხვა ინსტრუქცია და მიღებული ზომები გამოაქვეყნა - "სი პირადად ხელმძღვანელობს ეპიდემიის წინააღმდეგ ხალხის ომს. ის მუდამ აკონტროლებს ეპიდემიის პრევენციის ზომებს და მაკონტროლებელ სამუშაოებს, ის სიტყვიერ და წერილობით ინსტრუქციებს ყოველდღე გასცემს".

პეკინის სახალხო უნივერსიტეტის პროფესორმა ჭანგ მინგმა თქვა, რომ სის ვუხანში ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, შესაძლოა, ახლო მომავალში ვირუსზე გამარჯვება გამოაცხადოს.

ჩინეთს შინ და გარეთ აკრიტიკებდნენ, რადგან კორონავირუსზე ქვეყანამ რეაგირება დაახლოებით 1 თვის დაგვიანებით მოახდინა. ასევე, ჩინეთი ვირუსის შესახებ ახშობდა ინფორმაციას, იჭერდა ჟურნალისტებს, აჩუმებდა ექიმებს. იანვრიდან ჩინეთმა ვირუსის შესაკავებლად აგრესიული ზომები მიიღო, რაც ვუხანის, მთლიანი ხუპეის პროვინციის და სხვა დიდი ქალაქების ჩაკეტვას, ქუჩაში პირბადის სავალდებულო ტარებას და სხვადასხვა ზომებს მოიცავდა.

გუშინ, 9 მარტს, ჩინეთის ჯანდაცვის საბჭოს ინფორმაციით, მთელ კონტინენტურ ჩინეთში, სადაც დაახლოებით მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით დაინფიცირების 19 ახალი შემთხვევა, აქედან 17 ვუხანში, 1 პეკინში, 1 კუანტონგში დადასტურდა. წინა დღით ეს რიცხვი 40 იყო.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით 80 754 ადამიანი დაავადდა. აქედან 59 897 პაციენტი, ვისაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრელდნენ, გაწერეს. გაწერილ პაციენტებს 14 დღით კარანტინში ყოფნას ავალდებულებენ. ვირუსით 3,136 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ჩინური სახელმწიფო მედია წერს, კორონავირუსისთვის ვუხანში არსებული დროებითი 14 საავადმყოფოდან 12 უკვე დაკეტეს. დანარჩენი ორი დროებითი საავადმყოფოს დაკეტვას 12 მარტს გეგმავენ.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,027-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 114,458 შემთხვევა, აქედან 64,270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროის მონაცემებით, ჩინეთის შემდეგ ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იტალიაში გამოვლინდა. დაინფიცირდა 9,172 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 463. გუშინ, 9 მარტს, იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყანა მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადა.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული​. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, გუშინ, 9 მარტს, 33 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

 

კომენტარები