ნავთობის ბაზარი

რატომ ეცემა ნავთობის ფასი და რა მიზნით დაიწყო სატარიფო ომი კრემლმა?

გასულ პარასკევს, ნავთობის ინდუსტრია ავსტრიის დედაქალიდან გავრცელებულმა ცნობებმა შეარყია. ამ დღეს ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციის [OPEC] სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს რუსეთსა და საუდის არაბეთის შორის ჩამოყალიბებული ალიანსი ჩაშლილია. სწორედ ამ ალიანსის მეშვეობით კონტროლდებოდა ნავთობის ფასები ბოლო 4 წლის განმავლობაში. 

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ნავთობის ფასები 10%-ით შემცირდა. ფასები კიდევ უფრო დაეცა 9 მარტს - სავაჭრო დღის გახსნიდან რამდენიმე საათში ნავთობის ფასები თითქმის 30%-ით შემცირდა. ეს 1991 წლის შემდეგ, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი ვარდნაა. 

ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანიებიდან OPEC-თან ალიანსის ჩაშლას საჯაროდ მხარი ჯერ მხოლოდ როსნეფტმა დაუჭირა. სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია როსნეფტის ხელმძღვანელმა და ვლადიმერ პუტინის ძველმა მეგობარმა, იგორ სეჩინმა. 

რა მოხდა ?

მომხდარი ნამდვილ მოულოდნელად იქცა, როგორც მოლაპარაკებების მონაწილე მინისტრების, ასევე, რუსი მენავთობეებისთვისაც. "ჯერჯერობით მსუბუქ შოკში ვარ", — განაცხადა გამოცემა THE BELL-თან საუბარში, Lukoil-ის თანამფლობელმა ლეონიდ ფედუნმა. მისი თქმით, ამ ალიანსის ჩაშლის გამო რუსეთის ზარალი ყოველდღიურად 100-150 მილიონი დოლარი იქნება. ფედუნმა გადაწყვეტილებას უკიდურესად არარაციონალური უწოდა და აღნიშნა, რომ ზარალის კომპენსაციას რუსეთი მოპოვების ზრდის ხარჯზე ვერ მოახერხებს. 

OPEC-ის სხდომაზე ფასების შესანარჩუნებლად არაბები მოპოვების შემცირების წინადადებით გამოვიდნენ. კორონავირუსის გამო ბოლო თვეებში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დავარდნილია და მოპოვების შემცირებით ექსპორტიორები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ. 

საუდის არაბეთის წინადადებით, ორგანიზაციის წევრ 14 სახელმწიფოს და არაწევრ პარტნიორებს, მათ შორის რუსეთსაც, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში ჯამურად 1,5 მილიონი ბარელით უნდა შეემცირებინათ. რუსეთის წილი ამ შემცირებაში 500 ათასი ბარელით იყო განსაზღვრული.  

რუსეთმა მოპოვების შემცირებაზე უარი თქვა და შეთანხმებაც ვერ შედგა, საუდის არაბეთის წინადადება ჩავარდა. საბოლოოდ, ახალი შეთანხმების გარდა, ვერ შედგა კონსესუსი ძველი გარიგების გაგრძელებაზეც. ნავთობის მოპოვების ჯერ კიდევ მოქმედი ლიმიტები 2016 წელს დაწესდა და დღე-ღამეში მოპოვების 2,1 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობდა. ამგვარად, ვერ შედგა ახალი თანხმობა და დაირღვა ძველი გარიგებაც. მიმდინარე შეთანხმების ვადა 1 აპრილს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროიდან ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი აღმოჩნდება, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასზეც. 

როგორ მოხდა?

1 მარტს ფსკოვის ოლქში დაგეგმილ მივლინებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვლადიმერ პუტინი ვნუკოვოს აეროპორტში სანავთობო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იგორ სეჩინის გარდა ყველა კომპანიის ხელმძღვანელი არსებული ლიმიტების შენარჩუნებას ემხრობოდა. საუდის არაბეთის წინადადება მოპოვების შემცირების შესახებ არც კი განიხილებოდა, ყველა გამოდიოდა იმ მოცემულობიდან, რომ არსებული სტატუს-ქვო შენარჩუნდებოდა. 

"იგორ ივანოვიჩს არასდროს დაუმალავს, რომ მას არ აწყობს OPEC-თან დადებული შეთანხმება", — ამბობს სეჩინის მეგობარი. მისი თქმით, ალიანსის ჩაშლა დიდწილად სწორედ სეჩინის დამსახურებაა. ერთი წლის წინ, იგივე საკითხზე სეჩინმა წერილით ვლადიმერ პუტინსაც კი მიმართა. წერილში სეჩინმა OPEC-თან შეთანხმებას რუსეთისთვის სტრატეგიული საფრთხე უწოდა, რომელიც ხელს მხოლოდ ამერიკელებს აძლევს.

როგორც ჩანს, ამჯერად სეჩინის არგუმენტმა გაჭრა. წყაროს ინფორმაციით, მთავარი მიზანი ამერიკული პროდუქტის საბაზრო წილის შემცირება იყო. მისი თქმით, ნავთობზე არსებული ფასების მეშვეობით ამერიკელები დიდ ინვესტიციებს დებენ ე.წ. ფიქლის თიხოვან [Shale Oil] ნავთობში, მაგრამ თუკი ჩვეულებრივი ნავთობის ფასი 40 დოლარზე ნაკლები იქნება ამ ტიპის ნავთობის მოპოვება მიზანშეწონილი აღარ იქნება, ხოლო სეჩინის კომპანიას ფასების ესეთი ვარდნის გადატანა მარტივად შეუძლია. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი ვენაში უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებით გაემგზავრა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მოპოვების შემდგომ შემცირებას არ დათანხმდებოდა. 

კითხვა იმაში მდგომარეობს - მზად იყო თუ არა რუსეთი იმ სცენარისთვის, რომელშიც უარი ახალ შეთანხმებაზე, ძველის ჩაშლას გამოიწვევდა. და ამგვარად, კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ისედაც შემცირებული მოთხოვნის პარალელურად ნავთობის ფასებს ყველანაირი საყრდენის გარეშე დატოვებდა. 

მოლაპარაკებების ამგვარად დასრულებაში შესაძლოა იმანაც ითამაშა როლი, რომ პროცესს ახლად დანიშნული ენერგეტიკის მინისტრი, პრინცი აბდულაზიზ ბინ-სალმანი უძღვებოდა.

"ნოვაკი მოლაპარაკების მაგიდას ისე მიუჯდა, რომ იცოდა მისი ბოსი მზად იყო ნავთობის გლობალური ბაზარი თავდაყირა დაეყენებინა", — წერს Bloomberg. როგორც ჩანს, კრემლში ჩათვალეს, რომ ეპიდემიის პირობებში ნავთობის მოპოვების შემცირება და ამ გზით ფასების გამყარება აშშ-ის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა. 

"როგორც ჩანს კრემლში იფიქრეს, რომ სანამ რუსეთი მოპოვებას ამცირებდა, ამერიკელებმა ბაზარზე მილიონობით ახალი ბარელი გამოიტანეს, მოვიდა დრო ნავთობის ბაზრიდან ამერიკილების გასაგდებად", — ამბობს THE BELL-ის ანონიმური წყარო.

ხუთსაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მონაწილე მინისტრები ისეთ შოკში იყვნენ, რომ არ იცოდნენ რა ეთქვათ, ხოლო გარემო საქმიან შეხვედრებზე მეტად პანაშვიდს გავდა. 

მოლაპარაკების ამგვარ შედეგში მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენდა გაზპრომის პროექტი Nord Stream, რომელსაც აშშ დიდი ხანია ეწინააღმდეგება და მეტიც, გასული წლის ბოლოს პროექტს სანქციებიც დაუწესა. მაშინ რამდენიმე დასავლური გამოცემა წერდა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ კრემლი ძალიან გააღიზიანა. 

ამასთანავე, აშშ აქტიურად განიხილავს სანქციების დაწესებას როსნეფტისთვის, რომელიც ვენესუელაში ადგილობრივ ნავთობის კომპანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

"კრემლმა OPEC-თან მიმდინარე შეთანხმება ამერიკული ე.წ. ფიქლის თიხოვანი [shale oil] ნავთობის შესაჩერებლად და Nord Stream-ზე შურისძიებისთვის გაწირა", — განუცხადა Bloomberg-ს გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ დინკინმა. 

რა იქნება მომავალში ?

"ეს ბირთვული ღილაკია, რომლითაც უმსხვილეს მომპოვებლებს შორის ფასების ომი დაიწყო", ნათქვამია Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაში. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მოპოვების ზრდა მხოლოდ რუსული სანავთობო კომპანიების საქმეა. ნოვაკის თქმით, რუსულ კომპანიებს შეუძლიათ მოპოვება დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით გაზარდონ.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, სამეფოს ბევრად უფრო ამბიციური და აგრესიული გეგმები აქვს - არაბეთის ნახევარკუნძულზე მძლავრი საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან. მოლაპარაკებების ჩავარდნიდან მალევე, საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიამ, Saudi Aramco-მ, ნედლ ნავთობზე არნახული ფასდაკლებები დააწესა. ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ერთ ბარელ არაბულ ნავთობზე 6-8 დოლარამდე ფასდაკლებები იმოქმებს. შედეგად, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის Arab Light-ის შეძენა 10 დოლარით უფრო იაფი იქნება, ვიდრე Brent-ის მარკის ნავთობი. მსგავსი მასშტაბის ფასდაკლებები საუდის არაბეთს ბოლო 20 წელია არ გაუკეთებია.

რაც შეეხება რუსულ პროდუქციას, ამ დროისთვის Brent-ის მარკის ნავთობთან რუსული ნავთობის ფასის სხვაობა მხოლოდ 2 დოლარს შეადგენს. 

Bloomberg-ის და Financial Times-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის შემდეგი ნაბიჯი მოპოვების მკვეთრი ზრდა იქნება. გამოცემების წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს მიმდინარე ლიმიტები მოიხსნება, არაბეთი მოპოვებას დღე-ღამეში 12 მილიონ ბარელამდე გაზრდის. შედარებისთვის გასულ თვეში საუდის არაბეთი ყოველდღიურად 9,7 მილიონ ბარელს მოიპოვებდა. 

ამგვარი მკვეთრი ნაბიჯებით საუდის არაბეთი რუსეთისა და სხვა ექსპორტიორების მაქსიმალურად დაზარალებას შეეცდება. გეგმის მიხედვით, ამ ნაბიჯებმა მოწინააღმდეგეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დააბრუნოს. OPEK-ის ტექნიკური კომიტეტის მომდევნო სხდომა 18 მარტს გაიმართება. 

ვინ მოიგებს ?

როგორც არ უნდა დასრულდეს საუდის არაბეთის შეტევა, უახლოეს მომავალში ნავთობზე ფასების შემცირება გარდაუვალია. მეტიც, ზოგიერთი ორგანიზაცია და მათ შორის წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman&Sach ფასის 20 დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებს. 

საუდის არაბეთი იშვიათად აწარმოებს ფასების ომს, თუმცა ეფექტი როგორც წესი დამანგრეველია. უკანასკნელი ესეთი შემთხვევის დროს - 1998 წელს ნავთობის ფასი 9 დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, აქ რუსეთის პოზიციები საგრძნობლად უკეთესად გამოიყურება. 

რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის 42-დოლარიან ფასზე ბალანსირდება. შესაბამისად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ რუსეთის ეროვნული ვალუტა აღმოჩნდა. ჩაშლილი მოლაპარაკებების შედეგად, ბარელზე 42 დოლარის შენარჩუნება წარმოუდგენელია. სწორედ, ეს არის რუსეთის მთავარი გამოწვევა. ფასის ვარდნისგან რუბლს ბიუჯეტური წესი იცავს, რომლის მიხედვითაც 42 დოლარზე მაღალი ფასის შემთხვევაში ნავთობისა და გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი კონვერტირდება ვალუტაში, რომელსაც ცენტრალური ბანკი ყიდულობს. ეს თანხა კი რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში ირიცხება. 

პრაქტიკულად, სავალუტო ბაზარი რუსეთში ნავთობის სწორედ ამ ფასზე [42 დოლარზე] ფუნქციონირებს. რუსეთის ბიუჯეტი პრაქტიკულად ყიდულობს სავაჭრო სალდოს - სხვაობას იმპორტირებულ და ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას შორის. 

ნავთობზე ფასების ზრდის დროს, რუსეთი მეტ დოლარს ყიდულობს და რუბლი არ მყარდება ისე როგორც შეიძლებოდა გამყარებულიყო. იგივე მექანიზმი მოქმედების ფასების შემცირების დროსაც. ამ წესის მიხედვით, როგორც კი ბარელი ნავთობის ფასი 42 დოლარს ჩამოცდება, ეს პირდაპირ აისახება რუბლის კურსზეც, თუმცა ვალუტა არ უფასურდება ისე, როგორც გაუფასურდებოდა ამ წესის არ არსებობის შემთხვევაში. 

ამის მიუხედავად ვარდნა იმდენად მასშტაბური იყო, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუბლი დოლართან თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება ამჟამად 75 რუბლია. 2016 წლის დასაწყისის მერე რუბლი დოლართან ასეთი სუსტი არ ყოფილა.

საუდის არაბეთი ამ დროისთვის უფრო მოწყვლადია, მოპოვების მკვეთრი ზრდა და დემპინგი მისთვის არამხოლოდ მოლაპარაკებების პოზიცია, არამედ აუცილებელი ზომებია. რუსეთის ბიუჯეტისგან განსხვავებით, საუდის არაბეთის ბიუჯეტი ნავთობის 83 დოლარიან ნიშნულზე ბალანსირდება. აქედან გამომდინარე, ფასების მკვეთრი შემცირება საუდის არაბეთს მყისიერ ფინანსურ გართულებებს უქადის. პრობლემები შეექმნება ნაციონალური პროგრამის Vision- 2030-ის განხორციელებასაც, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა.

ამგვარად, მოპოვების მკვეთრი ზრდა დანაკლისის ანაზღაურების ერთადერთი საშუალებაა. ვითარების სერიოზულობაზე მიუთითებს, ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრის დაკავებაც. 

კომენტარები