ნავთობის ბაზარი

OPEC+ მაის-ივლისში ნავთობის წარმოებას გაზრდის – რას ველოდოთ საწვავის ბაზარზე

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ(OPEC+) ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების ზრდის გადაწყვეტილება მიიღო

24 ქვეყნისგან შემდგარმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. აბდულაზიზ ბინ სალმანის აზრით, პანდემიით გამოწვეული სანავთობო შოკი აღდგენისგან ჯერ კიდევ შორსაა და მიწოდების ზრდა ორგანიზაციას დააზარალებს. საპირისპირო აზრი აქვს რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსანდრ ნოვაკს, რომელსაც მიაჩნია, რომ ვაქცინაციის ფონზე მსოფლიო პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. 

რამდენით გაიზრდება მიწოდება?

პირველ აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციის წევრები წარმოებას 3 თვის განმავლობაში, კოლექტიურად გაზრდიან. მაისსა და ივნისში მიწოდება დღიური 350 000 ბარელით გაიზრდება, ივლისში კი – 441 000-ით. 

OPEC-მა და და მათმა თანამოკავშირეებმა, ნავთობის მიწოდების შეზღუდვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში მიიღეს, როცა კოლექტიური მოპოვება დღიური 9.7 მილიონი ბარელით შემცირდა. 2020 წლის დეკემბერში, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მოპოვება დღიური 500 000 ბარელით გაიზარდა, თუმცა, ზრდა მხოლოდ 2021 წლის იანვარში განხორციელდა და მოთხოვნასთან დაკავშირებული ბუნდოვანების ფონზე, მალევე შეწყდა.

რა ღირს ნედლი ნავთობი დღეს?

ზემოხსენებული შემზღუდავი გადაწყვეტილებების ფონზე, 2021 წლის 8 მარტს ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $70 დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნული იყო. მას შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა რამდენჯერმე დაიკლო, შემდეგ ისევ მოიმატა და დღესდღეობით, $64 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

ექსპერტების აზრით, შეერთებულ შტატებში, სენატის მიერ მხარდაჭერილი $1.9 ტრილიონიანი მასტიმულირებელი პაკეტი, ვაქცინაციის მზარდ ტემპებთან ერთად ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას, შედეგად კი ფასსაც გაზრდის, თუმცა, ეს უკანასკნელი ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ნავთობის მიწოდებაზეცაა დამოკიდებული. 

რას ნიშნავს ეს საწვავის ქართული ბაზრებისთვის?

საქართველოში საწვავის ფასების ზრდაზე, სულ მცირე, ორი ფაქტორი ახდენს გავლენას – ნავთობის მსოფლიო ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. 

ნავთობექსპორტიორების გადაწყვეტილება მაის-ივლისში წარმოებისა ზრდის შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის მიწოდებას გაზრდის, რაც პროდუქტის დეფიციტურობას, ანუ, მის ფასს შეამცირებს. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენით დაიკლებს ნედლი ნავთობის ფასი, შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ფასებზე პოზიტიურ ეფექტს უნდა ველოდოთ. 

პარალელურად, ვაქცინაციის ფონზე, 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს განვითარებული ნაწილი პანდემიამდელ ცხოვრების წესს დაუბრუნდება, რაც ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას და, შესაბამისად, მათ ფასს გაზრდის. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის ზრდას OPEC+ ქვეყნები მიწოდების ნაწილობრივი ზრდით უპასუხებენ, თუმცა, უცნობია, როგორი იქნება საბოლოო ეფექტი ნავთობის ფასზე. 

OPEC-ის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა ვალუტის გაცვლითი კურსი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მოხმარებული საწვავის 100% იმპორტირებულია, ფასები სრულადაა დამოკიდებული დოლარის კურსზე. 2 აპრილისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.44 ლარს შეადგენს, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მიერ $27.5 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, კურსი მხოლოდ 0.5 თეთრით გამყარდა. 

პესიმისტურია TBC Capital-ის მოლოდინებიც. მათი კვლევის მიხედვით, საბაზისო სცენარში 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2021 წლის ბოლოსთვის, 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იქნება. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მდგომარეობით, პრემიუმის, რეგულარისა და დიზელის საშუალო თვიური ფასები 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. 

 

კომენტარები