ნავთობის ბაზარი

12 თვის განმავლობაში პირველად, ნავთობის ფასი $60 დოლარს აღწევს

Anadolu Agency

ნავთობი ძველ დიდებას უბრუნდება, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირზე ასე ჩანს. 8 თებერვლის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $60 დოლარია, რაც გასული 12 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

The Economist 

The Economist–ის მიხედვით, ფასის ზრდის ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინებია: ნავთობინდუსტრიის ინვესტორები იმედით უყურებენ ჩინური ეკონომიკის მზარდ მოთხოვნას ნავთობპროდუქტებზე, ამას ემატება ინდოეთში არსებული ძლიერი მოთხოვნა თხევად გაზზე და ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დაპირებული სტიმული $1.9 მილიარდი დოლარის ოდენობით, რამაც, თეორიულად, ეკონომიკის გამოცოცხლება უნდა შეძლოს. მიუხედავად პოზიტივის საფუძვლიანობისა, სიტუაცია მძიმეა: ვაქცინების დისტრიბუციისა და ადმინისტრირების შეფერხებულ მიმდინარეობას კორონავირუსის ახალი და უცნობი შტამების აღმოჩენაც ემატება, ეკონომიკის პანდემიამდელ სტადიაში დაბრუნებაზე კი ჯერ საუბარიც ნაადრევია.

სკეპტიციზმის ფონზე, OPEC–ის დეფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი, ნავთობის შედარებით მაღალი ფასის შენარჩუნებას გეგმავს – იანვარში სამეფოში ოფიციალურად განაცხადეს, რომ თებერვალსა და მარტში ნავთობის ყოველდღიური მოპოვება, განზრახ, 1 მილიონი ბარელით შემცირდებოდა. ნავთობის მოპოვება შეზღუდულად მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც – 2021 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეერთებულმა შტატებმა 13%–ით ნაკლები ნედლი ნავთობი აწარმოა. ამასთან, ექსპორტის ზრდა, უახლოეს მომავალში, არც ირანიდანაა მოსალოდნელი. 

ტრადიციულად, ნედლი ნავთობის ფასის ზრდა მწარმოებლების მხრიდან მიწოდების საპასუხო ზრდას იწვევდა, რაც მარტივი ფორმულით იყო განპირობებული – რაც უფრო მაღალია პროდუქტის ფასი, მით მეტი ერთეულის წარმოება ენდომებათ გამყიდველებს. თუმცა, ფასების ზრდით გამოწვეული მიწოდების ზრდა, დროთა განმავლობაში, ნავთობზე ფასის ხელახალ კლებას იწვევდა და ბაზარი ადრინდელ, ან ადრინდელთან მიახლოებულ წონასწორობას უბრუნდებოდა.

სავარაუდოა, რომ ამგვარი ტენდენცია აღარ შენარჩუნდება: მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ინდუსტრია უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება, სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციები სანავთობო პროექტებს ბევრად ნაკლებად მომგებიანს ხდის, ვიდრე ოდესმე. შედეგად, მსხვილი მწარმოებლები კაპიტალინტენსიური პროექტებისგან თავს იკავებენ, რაც მიწოდების ზრდას და ამ უკანასკნელით გამოწვეულ ფასის კლებას შეუძლებელს ხდის. მაგალითისთვის, ჯო ბაიდენის ერთ–ერთი პირველი საპრეზიდენტო განკარგულება ფედერალური მიწების ნავთობის მწარმოებლებისთვის იჯარით გადაცემაზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადება იყო. ამას ემატება ბევრად გამკაცრებული რეგულაციები მეთანის გამონაბოლქვზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტორებს ძლიერი და სპონტანური ეფექტი არ აქვს, ინდუსტრიის წარმომადგენლები ბევრად სკეპტიკურად უყურებენ ახალი პროექტების დაწყების პერსპექტივას. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ, ახლო მომავალში, ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მიერ მიწოდების შემცირებითა და აზიური მოთხოვნის გამო გაზრდილ ნავთობის ფასს მხოლოდ კორონავირუსი თუ დაუპირისპირდება..

 

კომენტარები