ავღანეთი

ქაბულში აშრაფ ღანის ინაუგურაციის ცერემონიისას აფეთქებები მოხდა

აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა
Getty Images

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტ აშრაფ ღანის ინაუგურაციაზე აფეთქებები მოხდა. ქაბულში პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, აფეთქების და სროლის ხმები ისმოდა.

ღანი ტერიტორიას გაარიდეს. ის არ დაშავებულა. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

ღანის ინაუგურაციის პარალელურად ინაუგურაციის ცერემონია გამართა მისმა მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულამ. ის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ღანის გამარჯვებულად არ აღიარებს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბდულამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა, შედეგები კი ცნობილი 5 თვის შემდეგ გახდა. გამარჯვება კვლავ აშრაფ ღანიმ მოიპოვა. მან ხმათა 50.64% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა აბდულა აბდულამ კი 39.52%. ღანის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები ხარვეზების და ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და შედეგები გაყალბებულია.

აბუდულა აბდულა 2014 წლის არჩევნებშიც აშრაფ ღანის მთავარი კონკურენტი იყო. მაშინ ისინი ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და საერთო მთავრობა შექმნეს. ღანი პრეზიდენტი გახდა აბდულასთვის კი მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია შეიქმნა.

ღანიმ გამოაცხადა, რომ ძალაუფლების გაზიარების შეთანხმებას აღარ დათანხმდებოდა, აბდულა აბდულამ კი თქვა, რომ დარღვევებით წარმართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა.

აშშ-მა და სხვა პარტნიორებმა მთავრობას მოუწოდეს პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და პოლიტიკური კრიზისი გადაჭრაზე იმუშაონ. თალიბანთან ავღანეთის მთავრობის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას უნდა დაიწყოს.

აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს და მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს, სანამ 5,000-მდე პატიმარი არ გათავისუფლდება.

გასულ კვირას ქაბულში შიიტურ შეკრებაზე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი აბდულა აბდულაც ესწრებოდა, მომხდარ თავდასხმას 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 29. აბდულა აბდულამ თავდასხმას თავი უვნებლად დააღწია. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.

კომენტარები