იტალია

იტალიის სენატმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

მატეო სალვინი
Reuters

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, პარტია ჩრდილოეთის ლიგის ლიდერის მატეო სალვინის საქმის სასამართლოსათვის გადაცემას. სალვინის მიგრანტების გემისათვის პორტების უკანონოდ დაკეტვის გამო ედავებიან. მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ქმედებების გამო გასამართლებისაგან იტალიაში მინისტრებს იმუნიტეტი იცავს, თუმცა სენატმა მხარი დაუჭირა სალვინისათვის იმუნიტეტის მოხსნას. მომხრე იყო 152 სენატორი, წინააღმდეგი -76. სალვინის პარტიის წარმომადგენელმა სენატორებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და დარბაზი დატოვეს.

სალვინიმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საკუთარი თავი დონალდ ტრამპს შეადარა:

"მე აბსოლუტურად მშვიდი და ამაყი ვარ იმით, რაც გავაკეთე. ამას თავიდან გავაკეთებდი მთავრობაში დაბრუნებისთანავე."

"მე, როგორც ტრამპი? მას რამდენიმე მილიარდით მეტი აქვს და ცოტა უფრო ხნიერია, მაგრამ მსოფლიოს გარშემო მემარცხენეების ცუდი პატარა ჩვევაა სასამართლოს გზით მოგების მცდელობა." დაწერა მან ტვიტერზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, 2019 წლის აგვისტოში სალვინიმ სიცილიის სანაპიროსთან მყოფი იტალიის სასაზღვრო დაცვის ხომალდს, რომელზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 116 მიგრანტი იმყოფებოდა პორტები ერთი კვირის განმავლობაში დაუხურა. მიგრანტები იტალიაში ლიბიიდან მიდიოდნენ. სასაზღვრო დაცვამ 140 მიგრანტი გადაარჩინა, მათ ნაწილს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ხმელეთზე გადასვლის უფლება მისცეს. სალვინი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებდა მათ მიეღოთ მიგრანტები. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანა მის პირობებს დათანხმდა სალვინიმ გემს პორტში შესვლის უფლება მისცა.

სალვინის პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე და მისი მთავრობა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სალვინიმ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და პრემიერმინისტრის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

სალვინი ამბობს, რომ სურს სასამართლომ მისი საქმე განიხილოს. მისი თქმით ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის საზღვრებს იცავდა და მოქალაქეთა მოთხოვნას ასრულებდა.

"წავალ სასამართლოში და წარმოვადგენ მილიონობით იტალიელს იმიტომ, რომ ის გავაკეთე, რასაც ისინი ჩემგან ითხოვდნენ." ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სალვინის გაამტყუვნებს, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თებერვალში ასევე ჩანიშნულია მეორე განხილვა პარლამენტში, სადაც ასევე სალვინისათვის იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ ამჯერად 2019 წელის აგვისტოში კიდევ ერთი, Open Arms-ის კუთვინილი გემისათვის პორტების დახურვაზე, რომელზეც ასევე ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებოდნენ.

სალვინის პარტია ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა. 2018 წლის არჩევნების შემდეგ პარტიამ 5 ვარსკვლავის მოძრაობასთან სამთავრობო კოალიცია შექმნა, თუმცა გასულ წელს კოალიცია დაიშალა.

პარტიებს შორის განხეთქილება იტალიის ქალაქ ტურინისა და საფრანგეთის ქალაქ ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტს უკავშირდება. მრავალმილიარდიანი პროექტის ფარგლებში ალპებში 58 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაეყვანათ, რასაც "5 ვარსკვლავის მოძრაობა" ეწინააღმდეგება.

ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ სამთავრობო კოალიცია მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოაყალიბა.

კომენტარები