გიგი უგულავას საქმე

უგულავა კალაძეს: წარმოადგინე ჩემი აღიარება, თორემ იქნები ის, რაც ჰომოგენურად უკეთ გესმით

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ უგულავამ 50 მილიონი ლარი მოიპარა და ხელის მოწერითაც აღიარა ეს. 

გიგი უგულავა კახა კალაძეს მოუწოდებს, დღის ბოლომდე წარმოადგინოს მისი ხელმოწერილი განცხადება ან ჩვენება, სადაც აღიარებს, რომ 50 მილიონი ლარი მოიპარა.

უგულავას თქმით, ის არ აპირებდა ამ თემაზე განცხადების გაკეთებას, რადგან არ მიაჩნია სწორად, რომ საზოგადოებას როდესაც ამდენი პრობლემა აქვს, პოლიტიკოსები პირად გასაჭირზე საუბრობდნენ. 

"მაგრამ მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე ბატონი კალაძის სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე, განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული,"- ამბობს უგულავა.  

თბილისის ყოფილი მერის თქმით, არცერთ საქმეზე მას არავინ ედავება, რომ ფული მოიპარა და სახლში წაიღო. უგულავას განმარტებით, მას პროკურატურა ედავება იმას, რომ მერიაში დაასაქმა ადამინები, რომლებიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. 

"ამიტომ, როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე - ბატონო კახი, ხარ უწიგნური. ეტყობა, არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ, გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხართ მატყუარაც, ცდილობთ, ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში.

ამიტომ, დღის ბოლომდე მოგიწოდებთ, თქვენთვის გასაგები და მისაღები ენით, ტოებით და თუ გინდათ, ბიჭოებით: დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხადება, თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით. ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია, თქვენივე ჟარგონით, თქვენივე წრეში მოიკითხეთ, თუ კარგად არ იცით,"- თქვა უგულავამ.

კახა კალაძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იდევნება, თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკურად, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ "კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო". 

გიგი უგულავას პროკურატურა ამჯერად მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.

მიუხედავად ამისა, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში განახლდა. უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას, თქმით, 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ბასილაია ამბობს, რომ მათ აქვთ ეჭვი, რომ უგულავას თავისუფლებას აღუკვეთენ. 

კომენტარები