კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსის გამო მეორე ქალაქი, ხუანკანიც ჩაკეტეს

forbes

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვირუსის ეპიცენტრთან, ქალაქ ვუხანთან ერთად მასთან ახლოს მდებარე მეორე ქალაქი - ხუანკანიც ჩაკეტეს.

23 იანვრიდან ქალაქ ხუანკანში ავტობუსი და მატარებელი აღარ იმუშავებს.

მთავრობამ გასართობი ცენტრები, მათ შორის კინოთეატრები და ინტერნეტ კაფეები დროებით დაკეტა. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ქალაქი არ დატოვონ.

ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან მიმდინარე კვირაში ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონობით ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობს.

ხუანკანში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვუხანში კი 11 მილიონი.

23 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ხუპეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ჩინეთში გამოვლენილია დაავადების 571 შემთხვევა, ტაილანდში 4, ხოლო აშშ-ში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში - 1. იზოლირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. 

კომენტარები