კონგრესმენების წერილი გახარიას

მთავრობა ამ დრომდე არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც გახარიამ კონგრესმენებისგან მიიღო

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან გუშინ საღამოდან ითხოვს წერილის ასლს, მას შემდეგ, რაც კონგრესში საქართველოსთან თანამეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ადამ კინზინგერის, Twitter-ზე შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა. 

მთავრობის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ არ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წერილის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში, დავოსში იმყოფება. 

კინზინგერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას წერილი 4-მა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გაუგზავნა. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები