კონგრესმენების წერილი გახარიას

"იმედი მაქვს, გამოსავალს მალე მივიღებთ" - კინზინგერი თალაკვაძეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ამერიკის ხმის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ კინზინგერმა თქვა, რომ ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

"საქართველო რომ არ გვაინტერესებდეს, მას რომ არ ვხედავდეთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყანად, საქართველოთი არ დავინტერესდებოდით. მაგრამ ჩვენ დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, დიალოგის გაგრძელება ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია. ჩვენ ვრჩებით ამის ერთგული, ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის და გამოსავლის მონახვის ერთგული. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ყველა შეშფოთებაზე, ყველა ჩვენს საერთო ინტერესზე. იმედი მაქვს ზოგად გამოსავალს ძალიან მალე მივიღებთ"- ამბობს კონგრესმენი ამერიკის ხმის ცნობით. 

კონგრესმენი ამბობს, რომ ვაშინგტონის მხრიდან გამოთქმული შეშფოთებები, არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან სიბრაზე.

"ჩვენ მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან. როცა ხედავთ შეშფოთების მიზეზებს, გამოვხატავთ ამ შეშფოთებას. მაგრამ ამ შეშფოთების გამოხატვა არ უნდა იყოს აღქმული როგორც [ჩვენი მხრიდან] იმედგაცრუება ან სიბრაზე. ეს მიღებული უნდა იყოს ისე, რომ ესაა ის, რაც მეგობრებს შორის ხდება. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან ქვეყანას. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ხედავს შეერთებულ შტატებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას. ეს არ არის არავის გზავნილი,"- ამბობს კონგრესმენი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვედრები აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აქვს დაგეგმილი - მმართველი გუნდი კრიტიკული წერილების ავტორი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის "ზუსტი ინფორმაციის" მიწოდებას აპირებს. ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ "ოპოზიციის მხრიდან შეცდომაში შეყვანილ" საერთაშორისო პარტნიორებს "პირდაპირი კომუნიკაციით" საპირისპიროში დაარწმუნებენ და "შესაბამის შედეგს" მიიღებენ.

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციამდე, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდა. ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრისგან საქართველოში ვითარების შეცვლაზე გარანტიები მიიღეს.

...........

ადამ კიზინგერი პირველი კონგრესმენი იყო, ვისგანაც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ კრიტიკული წერილი მიიღო. წერილში კონგრესმენები ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

30 იანვარს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი იყვნენ, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუკი პროცესები საქართველოში ასე გაგრძელდება, "ამერიკა შეიძლება, იძულებული გახდეს, საქართველოსთან პარტნირობას გადახედოს". 

ტეხასელ კონგრესმენს პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

31 იანვარს საქართველოში მიმდინარე პროცესს კონგრესმენი უილ ჰარდიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ "თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს", რომლებიც ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმის მიღებას ითხოვენ, აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

კომენტარები