კონგრესმენების წერილი გახარიას

გახარია კონგრესმენებზე: მწვავე კითხვების, მწვავე პასუხების გაცემის არასდროს შეგვშინებია

მთავარი არხი

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კონგრესმენების წერილებს ეხმაურება. პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლებას "მწვავე შეკითხვების და მწვავე პასუხების გაცემის არ შეშინებია."

"როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვისნიშნები, გარწმუნებთ, მწვავე შეკითხვების არასოდეს არ შეგვშინებია. არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე",-ამბობს გახარია. 

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა. 

გუშინ, 28 დეკემბერს, პიტ ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენებმა საქართველოს წერილებით გაფრთხილება მისცეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გაითვალისწინოს. შეპარდის თქმით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილები კარგის ნიშანია და მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში საქართველოზე ფიქრობენ.

კომენტარები