კონგრესმენების წერილი გახარიას

თალაკვაძე კონგრესმენის წერილზე: ჩვენთვის სახელმძღვანელო ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის განცხადებები კომპანია "ფრონტერასთან" საქართველოს სახელმწიფოს დავას უკავშირდება, ამიტომ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის - როგორც ელჩის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომლებიც, თალაკვაძის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობს.

"ამ კონკრეტული კონგრესმენის განცხადება, როგორც ჩანს, უკავშირდება კომპანია ფრონტერასთან დაკავშირებულ დავას. როგორც იცით, საქართველოს სახელმწიფოს ამ კომპანიასთან აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ. მე ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო ამ დავაში თავის ინტერესებს დაიცავს.

რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენთვის აქ სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგოც ელჩის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან. ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანების უფლებების დაცვის და რაც მთავარია, უსაფრთხოების სფეროში არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში.

ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს მისიების ფარგლებში", - თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ში მაღალ დონეზე ვიზიტს გეგმავენ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მაილნმა საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო განცხადებით, რომელიც 24 დეკემბერს გამოაქვეყნა, საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდა, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

ხოლო აშშ-ის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში მიღწეულის შესანარჩუნებლად და მასზე დაფუძნებით მშენებლობის საქმეში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია:

"განსაკუთრებით, პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლოს, მრავალფეროვანი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის კუთხით. განგრძობადი ძალისხმევა დემოკრატიის ამ პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუნდამენტია".

დეგნანმა ასევე თქვა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ის ყველა მხარესთან იმუშავებს, რათა "მომავალ წელს უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება".

კომენტარები