მდგომარეობა ციხეებში

ომბუდსმენი: ქსანში კონფლიქტს "მაყურებელი" აგვარებს, ის შეურაცხყოფს და ამცირებს პატიმრებს

ipn.ge

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ქსნის ციხეში, თუ დაწესებულების თანამშრომელი კონფლიქტს უშუალოდ არ შეესწრო, ამის შესახებ ვერც კი შეიტყობს, რადგან კონფლიქტებს "მაყურებლები" ადგილზე აგვარებენ.

"პატიმართა შორის კონფლიქტური სიტუაციები ადგილზევე გვარდება „მაყურებლის“ მიერ.  ამავე დაწესებულებაში „მაყურებლები“ რეგიონების, სართულების, ფლიგელების და სხვა სივრცეების მიხედვით არიან გადანაწილებული. შესაბამისად, ე.წ. „ზონის“ საკითხებს აგვარებს არაფორმალური მმართველი, ხოლო სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულთა საკითხებს აწესრიგებს ბრიგადირი. „მაყურებლის“ მიერ საქმის გარჩევის შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტულ პატიმარს მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამცირონ, გარიყონ მათი სოციუმიდან და აიძულონ გადავიდეს მათი შეხედულებით, დაბალი სტატუსის პატიმართა კატეგორიაში", - აღნიშნულია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში.

ომბუდსმენმა დღეს ორი დახურული ტიპის (N2 და N8) და ორი ნახევრად ღია ტიპის (N14 და N15) პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ციხეებში სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ანგარიშის მიხედვით, გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებებში არის მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია.

"რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, პატიმრები იძულებული არიან დაიცვან არაფორმალური წესები, რომლის დაუცველობის შემთხვევაში, პატიმარი ირიყება სოციუმიდან, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა პატიმრებისთვის მიუღებელი ხდება, რაც იწვევს მისი ღირსების, სტატუსისა და პატივისცემის დაკარგვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დახურული ტიპის დაწესებულებებში იკვეთება შემთხვევები, როდესაც ერთი პატიმარი ცდილობს აკონტროლოს თანამესაკნეები და მათზე ფსიქოლოგიურად იძალადოს. ერთი პატიმრის მიერ საერთო სარგებლობის ნივთების პირადი მოხმარებისთვის მისაკუთრების ფაქტი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში დააფიქსირეს. გარდა ამისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა შეიტყო, რომ ამავე დაწესებულებაში ერთი პატიმარი ცდილობდა ეკონტროლებინა საკანი და შემოეტანა წესები.

"მისთვის უნდა მიეცათ ბარათები, ის გადაწყვეტდა, რას იყიდდნენ, როგორ მოაწყობდნენ საკანს. ვინაიდან მას კარგი კონტაქტები ჰქონდა დაწესებულებაში და მის გარეთაც, სხვა პატიმრებსაც ეშინოდათ მისი. ერთ-ერთი პატიმრების თქმით, არასასურველი, ფინანსური შესაძლებლობის არმქონე პატიმარს თანამესაკნეები აიძულებენ იხმაუროს, რომ შემდეგ ეს პატიმარი სხვა საკანში გადაიყვანონ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, პატიმარი მიჰყავთ ჯერ შიდა კლასიფიკაციის საკანში და შემდეგ ასახლებენ სხვა პატიმრებთან", - ამბობს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ N8 დაწესებულების (გლდანის ციხე) პატიმრები, ერთ-ერთ თანამესაკნე პატიმარს თანხას სძალავდნენ და უარის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.

"კონფლიქტების შედეგად, დაწესებულებებში ადგილი აქვს პატიმართა საკნების ხშირი შეცვლის პრაქტიკას. დაწესებულებების თანამშრომლებს კონფლიქტების პრევენციის სხვა რესურსი არ გააჩნიათ", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ანგარიშის მიხედვით, პატიმართა შორის სხვადასხვა მიზეზით შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები ხშირია და დაპირისპირების მიზეზი ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხებია - ერთი პატიმრის მიერ, მეორე პატიმრის სატელეფონო ბარათის უნებართვოდ გამოყენება, სიგარეტის მოთხოვნა/წართმევა და თანხის გამოძალვა.

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ დაპირისპირების მიზეზი ზოგჯერ ხდება რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური წარმომავლობა და ენობრივი ბარიერით გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემა.

"დაწესებულებებში ხშირია თანამესაკნეებთან კონფლიქტების მიზეზით საკნის შეცვლის პრაქტიკა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით მიანიშნებს იმაზე, რომ პატიმრების გარკვეული რაოდენობა ვერ გრძნობს საკნებში თავს უსაფრთხოდ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმართა შორის ფიზიკური ძალადობის შემთხვევების არსებობა დასტურდება დაწესებულებებში წარმოებული დოკუმენტაციით.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვითვე, ციხეებში არაფორმალური მმართველობის პირობებში პატიმრებს კატეგორიებად ყოფენ და მათი სტიგმატიზირება ხდება. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრები, რომლებიც იზოლირებულები არიან და თანასწორ ადამიანებად არ აღიქმებიან.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა პატიმარი, მათთან ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება.

"სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან სტიგმატიზირებულები და ციხის ცხოვრებისგან იზოლირებულები. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები არ აღიქმებიან თანასწორ ადამიანებად. მოიხსენიებენ დამაკნინებელი სახელებით, განთავსებულნი არიან განცალკევებით (რკინის კარის გამყოფით), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების ოთახი, ასევე საშხაპე ოთახი, ცალკე ქვაბში იხარშება მათი საკვები. ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, პატიმარი იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება. ეს წესი იცის ყველა პატიმარმა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრებისგან მაქსიმალურად შორს იჭერენ თავს საკვების დარიგებაზე პასუხისმგებელი პატიმრებიც. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პატიმრები აღნიშნავენ, რომ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში იზრდება შეურაცხყოფის ალბათობა და ამის გამო, ისინი დაწესებულებაში დასაქმებას ერიდებიან.

"კრიტიკული ფინანსური საჭიროების მქონე პატიმრებიც კი იძულებულნი არიან, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე და შემოსავლის მიღებაზე. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა მოითხოვა ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადასვლა, რადგან იმ დაწესებულებაში მოათავსეს მისი ნათესავი და არ სურდა მას გაეგო, რომ ის სამეურნეო ნაწილში იყო ჩარიცხული", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, გლდანის ციხეში გამოვლინდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების ჩაგვრა, დამცირება, აბუჩად აგდება თანამესაკნეების მხრიდან. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მათ კუთვნილი საკვების ნაწილს არ აძლევენ, აძალებენ დამამცირებელი საქმის გაკეთებას და შეიძლება "წამოარტყან კიდეც". ანგარიშში მითითებულია, რომ წარმოქმნილი კონფლიქტი ფსიქიატრიული პაციენტის დეესკალაციის ოთახში ან უსაფრთხო საკანში გადაყვანით მთავრდება, რასაც ციხის სამედიცინო პერსონალი ჰუმანურ აქტად მიიჩნევს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეთოდოლოგია ეფუძნება ზიანის არ მიყენების და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებს, ამიტომ ანგარიშში არ არის გამოყენებული ჩაშლილი მონაცემები, რათა გამოირიცხოს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიცირებისა და რეპრესიების საფრთხე.

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს, რომ კრიმინალური სუბკულტურის წესების თანახმად, ჩივილი შეუფერებელ ქცევად ითვლება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არაფორმალური მმართველები მსჯავრდებულებს უხსნიან, რომ პრობლემის ქონის შემთხევაში, მათ უნდა მიმართონ და მოგვარებას ისინი შეეცდებიან.

"თუ ასე არ მოიქცევიან, პასუხს აგებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა დაწესებულებებში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროსგან მიიღეს, თუმცა დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის, პატიმრების თვითცენზურისა და რეპრესიების საფრთხის გათვალისწინებით, ჯგუფისთვის შეუძლებელი იყო დაწესებულებებში არსებული ძალადობის აბსოლუტურად ზუსტი მასშტაბების დადგენა.

თუმცა, ანგარიშში მითითებულია, რომ არაფორმალური მმართველობის გავლენა და დაწესებულებებზე არსებული კონტროლი განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ნახევრად ღია დაწესებულებებში.

"N14 და N15 დაწესებულებებში განხორციელებული ჯგუფური გასაუბრების დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები) დაჰყვებოდა, რომელიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ. მსჯავრდებულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა და განუწყვეტლივ იხსენებდნენ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადმინისტრაციის მხრიდან სასტიკ რეპრესიებს განიცდიდნენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენმა დღეს ორი დახურული ტიპის (N2 და N8) და ორი ნახევრად ღია ტიპის (N14 და N15) პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ციხეებში სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ჩაატარა. 

სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • 2019-2020 წლის განმავლობაში დაწესებულებებში განხორციელდეს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები;
  • მიღებულ იქნეს ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის ან კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პატიმრებთან კონტაქტის არიდების გზით;
  • მიღებულ იქნეს ყველა ზომა, ნორმალიზაციის პრინციპზე დაფუძნებული ისეთი მცირე და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის მქონე პენიტენციური დაწესებულებების შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისთვის აუცილებელი გარემო;
  • დაწესებულებებში პატიმართა შორის ძალადობისა და დაშინების რისკის თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოფილ იქნეს სავარაუდო მოძალადეთა იდენტიფიცირება და აღნიშნული ფაქტების შესახებ ეცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები