სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ივანიშვილის პარლამენტს 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
"აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება მათი გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, რიგ შემთხვევებში, ისევ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო უსაფრთხო საკნებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.
ასევე, გართულებული იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება. პატიმრების ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო". - თქვა იოსელიანმა.





