მდგომარეობა ციხეებში

სისხლჩაქცევები, სილურჯეები, დაჟეჟილობა - პატიმრების საეჭვო დაზიანებები ანგარიშში

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელშიც ოთხ პენიტენციურ დაწესებულაბაში არსებული ვითარებაა განხილული, დაფიქსირებულია პატიმრების სხეულის დაზიანებების შესახებაც. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ამ დაზიანებების მდებარეობა, რაოდენობა და ხარისხი შესაძლებელია მიანიშნებდეს სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

კერძოდ:

  • პატიმარს აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში სისხლჩაქცევა და ცხვირის მიდამოში სიწითლე. დაზიანების წარმოშობის მიზეზად მითითებული იყო საწოლზე თავის მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდისა და ცხვირის მიდამოში დაჟეჟილობა. მიზეზი - საწოლის კუთხეზე მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის მიდამოს სილურჯე და სისხლჩაქცევები. მიზეზი - საწოლზე თავის მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში სილურჯე, მარცხენა მხარეს შესივება. მიზეზი - საპირფარეშოში წაქცევა;
  • ორივე თვალბუდისა და შუბლის არეში სისხლნაჟღენთი. მიზეზი - საკანში დაცემა;

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ჩატარებული შემოწმების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა N2 დაწესებულებაში გამოავლინა მსგავსი საეჭვო დაზიანების 13 შემთხვევა, N8 დაწესებულებაში - 17 შემთხვევა, N14 დაწესებულებაში - 12 შემთხვევა და N15 დაწესებულებაში - 24 შემთხვევა 

რაც შეეხება პატიმრების დაზიანებების რაოდენობას სრულად, პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრის თვიდან ივლისის თვემდე გლდანის ციხეში ფიქსირდება პატიმართა შორის ფიზიკური დაპირისპირების 71 შემთხვევა, ქუთაისის ციხეში - 26 შემთხვევა და გეგუთის ციხეში დაწესებულებაში - 3 შემთხვევა.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს დაზიანებები პენიტენციური დაწესებულებების მორიგე ექიმებს შეფასებული აქვთ როგორც საყოფაცხოვრებო ტრავმები და არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა ამ დაზიანებების შესაბამისი წესით დოკუმენტირება. 

"საგულისხმოა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული არაფორმალური წესების გარდა, ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ძალადობის შემთხვევები ცნობილი არ ხდება ექიმებისთვის წარმოადგენს პატიმრისა და ექიმს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის სამედიცინო შემოწმებაზე დაწესებულების თანამშრომლის დასწრება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დახურული ტიპის და პატიმრობის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკით, პატიმრის შეხვედრას ექიმთან, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში ესწრება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ანდა უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი და დოკუმენტირების ყველა შემთხვევაში ხდება მათი ინფორმირება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევებში, ექიმმა განსაკუთრებული გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს და ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, უნდა მიმართოს განსაკუთრებული ძალისხმევა მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად.

სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს - საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს;
  • 2019 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის მიერ დაზიანების აღწერა, ფოტოგადაღება და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნა უნდა განხორციელდეს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმს წარმოეშვება ეჭვი პატიმრის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა ექიმმა პატიმრის ინფორმირებული თანხმობა;
  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც გაიწერება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები
  • დაწესებულებების დებულებებში გაიწეროს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო შემოწმებისას თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობა იქნება შესაძლებელი. დაწესებულებებმა უზრუნველყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა კონფიდენციალური შემოწმების გარანტირებისათვის
  • სამედიცინო შემოწმებისას თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში მოხდეს ყველა გამონაკლისი შემთხვევის დასაბუთება.

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ მათ წესებს. ანგარიშში საუბარია ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გამოძალვაზე, დამცირებაზე.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები