მდგომარეობა ციხეებში

ომბუდსმენი: ქუთაისის ციხეში 1 პატიმარი სხვებს ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდება

sps.gov.ge/

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არის პატიმარი, რომელიც ადმინისტრაციის მითითებით სხვა პატიმრებს ფიზიკურად უსწორდება.

ამასთან, ომბუდსმენის ამბობს, რომ ქუთაისის ციხეშივე დაწესებულების თანამშრომლები ერთ-ერთი პატიმრის დასამორჩილებლად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.

"ასევე, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია დეესკალაციის ოთახში პატიმრების მიმართ არსებულ დამამცირებელ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხყოფის (ხელის წამორტყმა) შემთხვევებზე", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენმა დღეს ორი დახურული ტიპის (N2 და N8) და ორი ნახევრად ღია ტიპის (N14 და N15) პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ციხეებში სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ N8 დაწესებულებაში (გლდანის ციხე) მოთავსებული ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებული ინფორმაციით, 2019 წელს, დაწესებულების თანამშრომელმა მკერდში მუშტი 3–ჯერ დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პატიმრის თქმით, იმავე თანამშრომელმა მის თანამესაკნესაც დაარტყა ხელი სახეში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ უფრო მეტი პატიმარი საუბრობს არაეთიკურ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე, დამამცირებელ მიმართვებზე.

"დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული უფრო მეტი პატიმარი საუბრობდა თანამშრომლის მხრიდან პატიმრის მიმართ არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე, რაც დაწესებულების თანამშრომლების მიერ, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრების სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება. თანამშრომლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ პატიმრებს მიმართავენ უხეშად და დამამცირებლად. მაგალითად, „ჩაიკმინდე ხმა“. საღამოს, საკნების დაკეტვისას მიმართავენ ერთმანეთს ფრაზებით - „შეათრიე საკნებში,“ და „შედენე საკნებში“. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს N2 დაწესებულების ერთ-ერთი კორპუსის დერეფანში ყოფნისას თავადაც მოესმათ თანამშრომლის ხმამაღალი ბილწსიტყვაობა", - აღნიშნულია ანგარიშში.

გლდანის ციხეში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით კი, დაწესებულების თანამშრომლებთან ხშირად მოსდით კონფლიქტი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას. კერძოდ, მათი ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლები უხეშად ესაუბრებიან, იწვევენ, ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით, ასევე საყვედურობენ, თუ რატომ აწუხებენ სამედიცინო პერსონალს სამედიცინო ჩივილებით.

"ზემოთ აღწერილ კონფლიქტურ სიტუაციას მონიტორინგის ჯგუფიც შეესწრო. პატიმრების განცხადებით, ერთ-ერთი თანამშრომელი მათ პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მის სართულზე სამედიცინო მომსახურებას ისე ხშირად ვერ მოითხოვდნენ. აღნიშნული თანამშრომელი სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიმართაც გამოირჩეოდა აგრესიული საუბრით", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება N14 (გეგუთის ციხე) და N15 (ქსნის ციხე) დაწესებულებებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აქ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მონიტორინგის დროს არ მიუღია ინფორმაცია თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

თუმცა, ანგარიშში მითითებულია, რომ ქსნის ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პატიმრების გარკვეულ კატეგორიას დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ნახევრად ღია დაწესებულებებში გამოკითხული პატიმრები დაწესებულების ხელმძღვანელს და პერსონალს უარყოფითად არ ახასიათებდნენ.

"სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, დახურულ დაწესებულებაში არსებული არაჯანსაღი გარემო, არამხოლოდ ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას, არამედ ზრდის პატიმართა გაღიზიანებას, რაც რიგ შემთხვევებში, პატიმრის მხრიდან დაწესებულების თანამშრომლის მიმართ აგრესიაში გადაიზრდება. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწესებულების თანამშრომლებს ესაჭიროებათ გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტების პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველთან არსებულმა სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ჩაატარა. 

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები