მდგომარეობა ციხეებში

ომბუდსმენი: ​დასუფთავებაზე მომუშავე პატიმართან კონტაქტის მერე პატიმრები თავს იზიანებენ

გლდანის ციხე
AFP

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ციხეებში არაფორმალური მმართველობის პირობებში პატიმრებს კატეგორიებად ყოფენ და მათი სტიგმატიზირება ხდება. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრები, რომლებიც, ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, იზოლირებულები არიან და თანასწორ ადამიანებად არ აღიქმებიან.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა პატიმარი, მათთან ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება.

"სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან სტიგმატიზირებულები და ციხის ცხოვრებისგან იზოლირებულები. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები არ აღიქმებიან თანასწორ ადამიანებად. მოიხსენიებენ დამაკნინებელი სახელებით, განთავსებულნი არიან განცალკევებით (რკინის კარის გამყოფით), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების ოთახი, ასევე საშხაპე ოთახი, ცალკე ქვაბში იხარშება მათი საკვები. ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, პატიმარი იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება. ეს წესი იცის ყველა პატიმარმა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრებისგან მაქსიმალურად შორს იჭერენ თავს საკვების დარიგებაზე პასუხისმგებელი პატიმრებიც. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პატიმრები აღნიშნავენ, რომ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში იზრდება შეურაცხყოფის ალბათობა და ამის გამო, ისინი დაწესებულებაში დასაქმებას ერიდებიან.

"კრიტიკული ფინანსური საჭიროების მქონე პატიმრებიც კი იძულებულნი არიან, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე და შემოსავლის მიღებაზე. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა მოითხოვა ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადასვლა, რადგან იმ დაწესებულებაში მოათავსეს მისი ნათესავი და არ სურდა მას გაეგო, რომ ის სამეურნეო ნაწილში იყო ჩარიცხული", - აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენმა დღეს ორი დახურული ტიპის (N2 და N8) და ორი ნახევრად ღია ტიპის (N14 და N15) პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ციხეებში სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ჩაატარა. 

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები