არასამთავრობო ორგანიზაციები

თალაკვაძე: ცალკეული ადამიანი ვერ დაასუსტებს ურთიერთობებს - ესაა IRI-ის პრეზიდენტის გზავნილი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, IRI-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ "ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი" ვერ მიაყენებს ჩრდილს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ცნობისთვის, დენიელ ტვაინინგმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობა ამერიკულ NGO-ებს თავს რუსეთში ან ჩინეთში ესხმის. მისი თქმით, უკვირს, რომ ეს დემოკრატიაშიც ხდება და ამ კონტექსტში საქართველოზეც უწევს საუბარი.

"საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არის ძალიან ფასეული, ძალიან მტკიცე და რომელიმე ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი, რა თქმა უნდა, ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შეასუსტებს, ვერ შეცვლის უბრალოდ ამ ურთიერთობას - აი, ეს იყო მისი გზავნილი და მე ვფიქრობ, ეს სწორედ ასე უნდა იყოს გაგებული" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

კითხვაზე,"თქვენ თქვით, ბიძინა ივანიშვილი სუბიექტურად საუბრობსო და სუბიექტურია IRI-ის პრეზიდენტის განცხადება?", - პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს - "ეს თემა დავამთავრეთ".

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

კომენტარები