აშშ-ტაივანი

აშშ: დეზინფორმაციით ჩინეთს ტაივანელებისთვის დემოკრატიისადმი რწმენის დაკარგვა სურს

Asia Times

აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის მიერ ტაივანის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობაზე. ტაივანში აშშ-ის დე ფაქტო ელჩმა ბრენტ ქრისტენსენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დეზინფორმაციას ავრცელებდა, რათა ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენა დაეკარგა. 

რამდენიმე დღის წინ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანის არჩევნებში ყოველდღე ერეოდა. მისი თქმით, პეკინის გაზრდილი წნეხისა და ჰონგ-კონგის აქციების პარალელურად არჩევნები რთულ პირობებში გაიმართებოდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი ტაივანზე სხვადასხვა გზით წნეხის გაზრდას ცდილობს. შემაშფოთებელია მცდელობები, რითაც [ჩინეთი] ტაივანის დემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოპოვებას ცდილობს," - განაცხადა დე ფაქტო ელჩმა ქრისტენსენმა.

აშშ-ს ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან არ აქვს, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე აშშ ტაივანის უმთავრესი მოკავშირეა.

მხოლოდ მიმდინარე წელს აშშ-მა ტაივანს 10 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება მიჰყიდა. 

რამდენიმე დღის წინ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ თქვა, რომ ჩინეთს დემოკრატიული და თვითმმართველი კუნძულის, ტაივანის წინააღმდეგ შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოეწყო სამხედრო კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ქვეყნის შიგნით სოციალური უკმაყოფილება გაიზრდებოდა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას აშშ-ისთან სავაჭრო ომი აქვს, რამაც შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს.

ტაივანის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. 

კვირას ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​ ტაივანმა ჩინეთის ხომალდის ტაივანთან განთავსება არჩევნების წინ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აღიქვა.

შეგანხსენებთ, რომ ოფიციალური პეკინი უკვე წლებია ძლიერი დემოკრატიული მმართველობის ტაივანს იმავე "ერთი ქვეყნის, ერთი სისტემის" მოდელს სთავაზობს, რითაც ჰონგ-კონგი 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს გადასცა. ჩინეთის მხრიდან ამ მოდელის უგულვებელყოფა კი ჰონგ-კონგის მიმდინარე აქციებზე უკეთ გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

საზოგადოებრივ აზრთა გამოკითხვებში ცაი ინ-ვენი ლიდერობს და ის წინ უსწრებს მის ოპონენტს, ხან ქოუ იუს ჩინეთთან მეგობრულად განწყობილი გომინდანის პარტიიდან. ქოუ იუმ სულ რამდენიმე დღის წინ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდა.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 იანვარს გაიმართება.

კომენტარები