არჩევნები 2020

მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი გამორიცხულია, დისკუსიაც კი ზედმეტია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასლის შესახებ საუბარი გამორიცხულია. მდინარაძის შეფასებით, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატმა "ძალიან არასწორი აზრი" გაახმოვანა.

"მგონია, რომ ძალიან ცხარე დისკუსია იქნება გუნდის შიგნითაც, რადგანაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი აზრი გახმოვანდა, თუნდაც დისკუსიის გახსნაზე. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად. გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა" - ამბობს მდინარაძე პირველი არხის ცნობით და აღნიშნავს, რომ "გამორიცხულია ამაზე საუბარი".

"ჩემი აზრი არის და იქნება ისევ ის, რაც იყო აქამდეც და მე ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და შემდეგ საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე" - თქვა ფრაქცის ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ქართული ოცნება ამაყობს 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, თუმცა, ხუნდაძის აზრით, ეს სტრატეგიული შეცდომაა და პირიქით, "სინანულს უნდა განვიცდიდეთ". მისი თქმით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადონ. ის დარწმუნებულია, რომ ხელმოწერებს უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ხუნდაძე იმედოვნებს, რომ "ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე" გადასვლას, ქვეყანა 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლებს.

დიმიტრი ხუნდაძე "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ეს იდეა უშუალოდ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაა დაჯერჯერობით, არ არის განხილული და, "მითუმეტეს, შეთანხმებული" ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, ქართული ოცნების მაჟორიტარებს სჯერათ, რომ გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში", შეძლებენ თანაგუნდელების დარწმუნებას "ამ ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში".

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამის გამო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური აქციები დაიწყო.

პროპორციულ სისტემაზე არგადასვლით ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია საზოგადოების წინაშე 2019 წლის ივნისში დადებული პირობა.

კომენტარები