გიორგი გახარიაას თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონი ვერ იქნა მიღებული, მაგრამ "საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გვიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება".
მან ეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც, გახარიას თქმით, ბიუჯეტზე იმსჯელა ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად.
"არ დაგვავიწყდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ სჭირდებოდა გარკვეული პროცედურები. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, სამწუხაროდ, ვერ გაიარა ... საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გვიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება", - თქვა გახარიამ.
ქართული ოცნების ოფისში მთელი დღეა, შეხვედრები იმართება.
ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ასევე, გაიმართა კონსულტაციები იმ დეპუტატებთან, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარ ჰერცელსაც შეხვდა.
გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.
კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.





