პროპორციული საარჩევნო სისტემა

კინზინგერი: პროპორციული სისტემის ჩავარდნა საჩუქარია ვლადიმერ პუტინისთვის

AP

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება.

როგორც კონგრესმენი განცხადებაში წერს, ქართველი ხალხი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებაა. 

განცხადებაში ადამ კინზინგერი წერს, რომ გაოცებული იყო, როდესაც გაიგო, რომ პარლამენტმა ეს რეფორმა ჩააგდო. კონგრესმენის თქმით, გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს ის ნასიამოვნები დარჩა იმით, რომ ამ რეფორმის განხორციელება გარდაუვალი ჩანდა. 

"ეს იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებადია და გამოსწრდება ძალიან მალე,"- წერს კინზინგერი გავრცელებულ განცხადებაში. 

კონგრესმენის განცხადებით, კავკასიის რეგიონზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანა მისი რეპრესიული მმართველობის გამოა. 

"საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე მათმა პარლამენტმა აჩვენა მათ დღეს," - წერს კინზინგერი. 

როგორც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა. 

"ქართველებს სურთ ხელისუფლებას ხალხისგან, ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ უნდათ მთავრობა, რომელიც დასავლეთს უფრო მეტად უსწორებს გვერდს და მათ სურთ, რომ ქვეყანა NATO-ს მოკავშირე იყოს. 

ამ კონსტიტუციური შესწორების მიღების ჩავარდნა ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება და დაანგრევს იმ პროგრესს, რომლითაც საქართველო ცდილობს, მიაღწიოს სრულ დამოუკიდებლობასა და გამიჯვნას აგრესიული, ხელმყოფი მეზობლის, რუსეთისგან,"- წერს კინზინგერი. 

14 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები