ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება ოპოზიციის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მიღება სწორედ ქართული ოცნების დეპუტატების გამო ვერ მოხერხდა.
ივანიშვილის წერილში ვკითხულობთ:
"გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება".
დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.
ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.
კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.





