მეუფე პეტრეს განყენება

"ჩვენთვის არ განუყენებიათ", - მარტვილში მეუფე პეტრეს მომხრე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

მთავარი არხი

ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას განყენებაზე უსამართლოა.

"სინოდი არის ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. მოესმინათ ბოლომდე მეუფესთვის, რომელიც ამბობდა, რომ ხვალ მოიყვანდა მოწმეებს... ამის საშუალება არ მიეცა მეუფეს, რომ სინოდში მოგვარებულიყო ეს ყველაფერი... ჩვენთვის არ განუყენებიათ, ის მეუფეა, ჩამობრძანდება და მოვუსმენთ. მე პირადად არ ვემორჩილები [სინოდის გადაწყვეტილებას]" - ამბობს ერთერთი სასულიერო პირი მთავარ არხთან საუბარში.

იღუმენია თამარის თქმით, სინოდის განჩინება უსამართლოა.

"გავეცნობი განჩინებას და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე, მაინტერესებს, რა კანონით დასაჯეს მეუფე პეტრე, იმ ყველაფრის მერე, რა ინფორმაციასაც მთელი ჭყონდიდის ეპარქია ფლობს, ეს სხდომა იყო პილატეს სასამართლო" - ამბობს იღუმენია თამარი.

ყოფილი მღვდელმთავრის კიდევ ერთი მომხრე სასულიერო პირის თქმით, "ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩემთვის მეუფე პეტრე არის და ყოველთვის იქნება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი".

პეტრე ცაავას სხვა მხარდაჭერი კი ამბობს, რომ ის მეუფე გრიგოლ კაციას არ მიიღებს.

"გრიგოლ კაცია რომ ჩამობრძანდება, მეუფე [პეტრემ] რომ ვერ შეძლო იქ მოწმეების დაყენება, მოწმეებს დავახვედრებთ აქ, ეს გამოიწვია თავიანთმა საქმის მიმართ დაუდევრობამ, აქამდე მიიყვანეს და საერო გახადეს ეს თემა.

ჩემი აზრია, როცა ჩამობრძანდება, იმ ის სამ თუ ოთხ მოწმეს [დავახვედრებთ აქ]. კიდევ მრავალი ადამიანია, რომელსაც შეხება ჰქონია. ისიც ყველამ იცოდეს, ეს სამი-ოთხი ადამიანი ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნება, არავის გაუკვირდება და გრიგოლ კაციას გაახსენდება ის ნათქვამები, რაც მეუფემ მოუყვა, ჩამობრძანებული რომ იყო და დავფაროთო, რომ თქვა. მე პირადად ასეთ მღვდელმთავარს არ მივიღებ" - ამბობს ის.

წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალ გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლი შეცვლის.

კომენტარები