არჩევნები 2020

ბობოხიძე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - სწორედ ვაშაძემ დაიწყო პირველმა ჩვენი ლანძღვა-გინება

სხვათაშორის, მე ვეთანხმები გრიგოლ ვაშაძის ნათქვამს, რომ "მოდი, საქმეზე ვისაუბროთ და დავანებოთ კინკლაობას თავი", მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ბატონი გრიგოლი იყო სწორედ ის კაცი, რომელმაც პირველმა დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა-გინება ევროპული საქართველოსი, როცა თქვა, რომ ყველა, ვინც კი უბედურებას ჩადიოდა თურმე მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დღეს არის ევროპულ საქართველოში.

ამ დროს, ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩა ადამიანები, ვინც, ვთქვათ, უბედურებას ჩადიოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებელი შეცდომებზეც და წარმატებებზეც, როცა ამის შესახებ ბატონ გრიგოლს ვუსაყვედურეთ, გავახსენეთ EPP-ში ხელმოწერილი დოკუმენტი, მან ირონიით მოიხსენია ეს დოკუმენტი და თქვა, რომ საძინებელში ჩამოიკიდონ თუ ჩამოვიკიდებო.

გარდა ამისა, დიახ, არ უნდა ვლანძღავდეთ ერთმანეთს, მაგრამ კრიტიკა ერთია და ლანძღვა მეორე. ამას მეუბნება იმ პარტიის წევრი, რომელიც მუდმივად, მათ შორის წინასაარჩევნოდ, მე კარგად მახსოვს, რა იყო წინასაარჩევნოდ ენმ-ის მთავარი ხაზი, სწორედ ნაციონალური მოძრაობა ავრცელებდა ბინძურ ჭორებს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა, სინამდვილეში უნდა, მეორე ტურში გააპაროს დათო ბაქრაძე.

სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ მაშინაც, მკაფიოდ ეთქვა ნაციონალურ მოძრაობას, თუ მეორე ტურში გავდიოდა დათო ბაქრაძე, დაუჭერდა თუ არა მხარს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით, თუ მეორე ტურში გავიდოდა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, ჩვენ მაშინ პასუხი ნაციონალური მოძრაობისგან ვერ მივიღეთ, ახლა მივიღეთ პასუხი, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პარტიის სერიოზული თავმჯდომარის პასუხი, [ეს არის პასუხი] ღლიცინით, ორ სამყაროზე

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე მთავარ არხზე გრიგოლ ვაშაძეს გამოეხმაურა. ენმ-ის ლიდერმა თქვა, რომ "თუ სასწაული მოხდა" და "ვირტუალურ რეალობაში" ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობაზე მეტ მანდატს მიიღებს, მათთან კოალიციაში შევლენ.

კომენტარები