ბრაზილია

8 წლის გოგო პოლიციელმა მოკლა, რიოში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

BBC

მას შემდეგ, რაც 8 წლის გოგო, სავარაუდოდ, პოლიციელმა მოკლა, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, საპროტესტო აქციები არ წყდება. 

პარასკევს, 20 სექტემბერს, აგათა ვიქტორია სეილს ფელიქსი თავის ბებიასთან ერთად რიოს ღარიბთა უბანში, მიკროავტობუსში იჯდა, როცა მანქანას უკანა მხრიდან ესროლეს. მისი საავადმყოფოშ გადაყვანა ვერ მოხერხდა, გოგო ადგილზე დაიღუპა. 

ადგილობრივების თქმით, პოლიციელებმა მიზანში მოტიციკლეტისტი ამოიღეს და ტყვია მანქანას შემთხვევით მოახვედრეს

ოფიციალური ინფორმაციით, მსგავსი რეიდების გამო რიოში იანვრიდან აგვისტომდე 1 249 ადამიანი დაიღუპა.

აგათა მე-5 ბავშვია, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა.  

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს კონსერვატორი მერის, უილსონ უიტზელის მკაცრი მიდგომის ბრალია და სწორედ მის გამო გაიზარდა მსხვერპლი რიოს ღატაკ უბნებში, რომლებსაც ფაველას, ანუ მიყრუებულ გარეუბნებსაც ეძახიან. უიტზელმა მერის თანამდებობა იანვარში დაიკავა. 

შაბათს, 21 სექტემბერს, ათობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში ალემაოში, რიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფაველაში, იქ, სადაც აგათა სასიკვდილოდ დაჭრეს. 

აქციის ზოგ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "ფაველებში მცხოვრებთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", "შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა" და სხვა. 

პოლიციამ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ ოფიცრებმა შეიარაღებულ თავდასხმას უპასუხა - მათ კრიმინალებთან ჰქონდათ დაპირისპირება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 

თუმცა, აგათას ოჯახი ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ პოლიციელებმა მოტოციკლეტისტს დაუმიზნეს და გოგოს მოახვედრეს, სხვა ტიპის სროლა კი იმ მომენტში არ ხდებოდა. 

"კაცი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა. პოლიციამ მას გაჩერება მოსთხოვა. ის არ გაჩერდა და წავიდა. შეიარაღებული არ ყოფილა. პოლიციელმა ისროლა. დაპირისპირება არ ყოფილა - მხოლოდ პოლიციის მხრიდან სროლა", - თქვა გოგოს ბიძამ, ელაიასმა ჟურნალისტებთან. 

კომენტარები