აქცია პარლამენტთან

ანიტა რაჭველიშვილი: 3 დღეში მეც შემოგიერთდებით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის!

Facebook/Anita Rachvelishvili

25 ივნისს ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაჭველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს სამ დღეში შემოუერთდება. 

ამის შესახებ ქართველმა არტისტმა Facebook-ზე ინგლისურ და ქართულ ენაზე დაწერა.

"ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით! რამდენიმე დღის წინ პრორუსული "ქართული" მთავრობის ბრძანებით, პოლიციამ ახალგაზრდა მშვიდობიან ადამიანებს ესროლა, რომლებიც ქუჩაში აპროოტესტებდნენ! ბევრი ადამიანი დაშავდა და თვალი დაკარგა! რამდენიმე კომაშია! გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს! დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ პუტინი.

გული მტკივა თქვენთან რომ არ ვარ! 3 დღეში მეც შემოგიერთდებით და იქამდე იმედი მაქვს რომ ნაძირლებს გადააყენებენ და დასჯიან! ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

სამი დღის წინ მან საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს ჩასვლისა და დასვენებისკენ მოუწოდა.

"წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!",- აღნიშნა ქართველმა მეცო-სოპრანომ. 

უკვე ხუთი დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები